საბიუჯეტო რეფორმა ბანკებს დააზარალებს?

”ხაზინაში ანგარიშების გადატანა ეტაპობრივად უნდა მოხდეს”

საქართველოში 1 იანვრიდან მნიშვნელოვანი საბიუჯეტო რეფორმა განხორციელდება: ყველა დონის ბიუჯეტი და საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა) სახაზინო მომსახურებაზე გადავა - ამის შესახებ მედიას ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა აცნობა. ამ ორგანიზაციებს ანგარიში კომერციული ბანკების ნაცვლად უკვე ხაზინაში ექნებათ და მომსახურებასაც ხაზინა გაუწევს. ფინანსთა სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ამ ცვლილებით არც სსიპ-ების და არც თვითმმართველი ორგანოების ავტონომიურობა არ შეიზღუდება, ისინი თანხას კვლავაც დამოუკიდებლად განკარგავენ. გადაწყვეტილების მიღების მთავარ მიზეზად კი, მეტ გამჭვირვალობას და აღრიცხვის მოწესრიგებას ასახელებენ. აღრიცხვის გაუმჯობესების მიზნით ბანკის ნაცვლად მომსახურებას სახელმწიფო ხაზინა განახორციელებს.

”საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის” თავმჯდომარის, რომან გოცირიძის აზრით, სახელმწიფო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ კომერციულ ბანკებში გახსნილი ანგარიშების ხაზინაში გადატანა სწორია, მაგრამ ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს. რომან გოცირიძე ფიქრობს, რომ უნდობლობას ხელისუფლების წარმომადგენელთა არასწორი განცხადებებიც იწვევს, თითქოს ამით არაფერი შეიცვლება და კომერციული ბანკები, ან თვითმმართველობის ორგანოები არ დაზარალდებიან.

რომან გოცირიძე: "ამ საკითხის განხილვისას მთავარი ბანკების თემა არ არის, თუმცა ისინი წინასწარ უნდა გააფრთხილონ, როცა ასეთი რეორგანიზაცია იგეგმება. ამ შემთხვევაში ძალიან დიდ საკრედიტო რესურსთან გვაქვს საქმე - იმის გამო, რომ ეს ანგარიშები ბანკებშია გახსნილი, თვითმმართველობები წელიწადში რამდენიმე მილიონი ლარის ოდენობის შემოსავალს იღებენ, ეს ხდება თავისუფალი ნაშთების გამოყენების უფლების ბანკებისათვის "მიყიდვის" გამო. როცა ბანკები ამდენ ფულს იხდიან, ესე იგი, ისინიც ხეირობენ. მათთვის ეს დამატებითი ფინანსური რესურსის მოზიდვის წყაროა. თვალსაჩინოებისათვის ავიღოთ ერთი გახმაურებული მაგალითი: ამ ერთი თვის წინათ, თბილისის მერიისა და ”ლიბერთი ბანკის” დავის საგანი გახდა აღნიშნულ ბანკში არსებულ მერიის ანგარიშებზე დასარიცხი პროცენტის საკითხი. მერია ამბობდა, რომ თბილისის წინა მთავრობასა და ”ლიბერთი ბანკს” შორის მომხდარი გარიგებით, თბილისის ბიუჯეტმა 10 მილიონ ლარზე მეტი დაკარგა, რადგან შეიცვალა ბანკში დარჩენილ ნაშთებზე დასარიცხი საპროცენტო განაკვეთის ოდენობა. აქვე უნდა ვთქვა, რომ ბანკი აქ არაფერ შუაშია. იგი მოქმედებდა არსებული კონტრაქტისა და საკრედიტო ბაზარზე წარმოქმნილი საბაზრო კონიუნქტურის შესაბამიდ და მისთვის რამე პრეტენზიის წაყენება არამართებულია. ”ლიბერთი ბანკი” საკონკურსო პირობის შესაბამისად მიმდინარე ანგარიშზე განთავსებულ მთლიან ნაშთს არიცხავდა საპროცენტო სარგებელს 16,05%-ის ოდენობით. ამასთან, თბილისის მერიის მიერ ნაშთების ”ლიბერთი ბანკში” განთავსების პირობა იყო არაექსკლუზიური და მერიას, სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ დროს შეეძლო თავისი ნაშთი სრულად ან ნაწილობრივ განეთავსებინა ნებისმიერ სხვა ბანკში. ”ლიბერთი ბანკს” ხელშეკრულება აქვს დადებული ათამდე მუნიციპალიტეტთან და სახელმწიფო ორგანიზაციასთან, რომელთა საშუალო ჯამური ნაშთი რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს აღემატება. სწორედ ამ ნაშთის არსებობის გამო ბანკი მერიას უხდიდა დაახლოებით სამ მილიონ ლარს წელიწადში. ბანკში მერიის საშუალო ნაშთი მიმდინარე წელს იქნება 40-50 მილიონი ლარი, შესაბამისად, მერიაც მიიღებს გარკვეულ შემოსავალს. ასევეა სხვა ბანკებშიც, სადაც სხვადასხვა სსიპ-ის ანგარიშია გახსნილია.

- ანუ, თუ ეს ანგარიში ხაზინაში გადავა, მერია კარგავს შემოსავალს, ხოლო ბანკი-საკრედიტო რესურსს, რომელიც თავის მხრივ, ბანკის დამატებითი შემოსავლის წყაროა?

-აბსოლუტურად სწორია. ასევეა რეგიონებშიც და ეს ეხება არა მხოლოდ თვითმმართველობების ანგარიშებს, არამედ საჯარო სამართლის იურიდიული პირების ანგარიშებსაც. მაგალითად, როცა პასპორტს ვიღებთ, ან მანქანის ნომერს ვცვლით, რაც ჩვენში დღეს ასეთი ენთუზიაზმით ხდება, შემოსული ფული ბანკების ანგარიშებზე ილექება და ის მყისიერად არ იხარჯება. ფინანსთა სამინისტროს ეს გადაწყვეტილება ბანკების საკრედიტო რესურსზე ძალიან იმოქმედებს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საგანმანათლებლო დაწესებულებების ანგარიშიც ხაზინაში გადავა, მაგრამ ეს არ არის მთავარი. თუ ამის უნარი აქვს, ბიუჯეტის ფული ხაზინამ უნდა მართოს. ეს მაკროეკონომიკური რეგულირების კუთხითაც სწორია. ამიტომ ვემხრობი მათ ინიციატივას, მაგრამ ამას უნდა სწორი დაგეგმვა, ეტაპების განსაზღვრა და ხაზინის გამართვა დამატებითი სამუშაოს ჩასატარებლად.

- რატომ არ იყო აქამდე ეს ანგარიშები ხაზინაში?

- იმიტომ, რომ ხაზინა არ იყო მზად. ან ახლა არის კი მზად? ფინანსთა სამინისტრომ უნდა დაასაბუთოს, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ ეს მომსახურება ქვეყანას უფრო იაფი დაუჯდება, იქნება ისეთივე სწრაფი, ხარისხიანი და თუნდაც კომფორტული, როგორიც ბანკშია. ხომ არ გამოიწვევს ეს ცვლილება ხაზინის შტატების გაბერვას და დამატებითი ხარჯების გაწევას, რომელიც სამომავლო ხარჯებს კიდევ უფრო გააძვირებს? აუცილებელია ამ გადაწყვეტილებას ახლდეს ფინანსური გაანგარიშებაც. მაგალითად, დღეს პენსიებს ბანკი არიგებს. წარმოვიდგინოთ, რომ ამას აკეთებდეს სამინისტრო, ან ჩვენი მოუქნელი სახელმწიფო ფოსტა, რომელსაც ჰყავს ცუდი მენეჯმენტი და კონკურენციის შეზღუდვის ფასად ცდილობს ბაზარზე თავის დამკვიდრებას. მათ რომ ეს საქმე ანდო, ძველი, ფოსტალიონების დრო მონაგონი იქნება, ამიტომ არის საჭირო სიფრთხილე. კარგი იდეა არ უნდა გახდეს ცუდი შედეგის მომტანი. ამის მაგალითი კი ბევრია -თუნდაც რეცეპტების ამბავი, ან სავიზო შეზღუდვები გავიხსენოთ. თუ ჩემს მიერ დასმულ შეკითხვებზე დადებითი პასუხები არსებობს, მაშინ ეს კარგი ნაბიჯია. ისიც სწორია, რომ ეს ცვლილება საგანმანათლებლო დაწესებულებებს ამჯერად არ შეეხება- მათი რაოდენობა იმდენად დიდია, რომ სერიოზული შეფერხებები წარმოიქმნებოდა. საბოლოოდ მათმა ანგარიშებმაც ხაზინაში უნდა მოიყაროს თავი, რადგან ბიუჯეტის ფული მთავრობამ უნდა მართოს.

ხათუნა ჩიგოგიძე