"ვხედავთ, რომ ჩვენი მოქალაქეების გარკვეული ნაწილი ვერ ათვითცნობიერებს პრობლემის სიმძიმეს"

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მოქალაქეების გარკვეული ნაწილი პრობლემის სიმძიმეს ვერ აცნობიერებს. როგორც უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი გახარიამ განაცხადა, მდგომარეობის სიმძიმეს აბსოლუტურად ყველა უნდა იზიარებდეს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი მოქალაქეების გარკვეული ნაწილი ვერ ათვითცნობიერებს პრობლემის სიმძიმეს. ჩვენი ვალდებულება გახლავთ ის, რომ აქ, საქართველოში, სანამ კიდევ ვაკონტროლებთ სიტუაციას, სანამ ჩვენი ყოველდღიური და პრევენციული ნაბიჯები გვაძლევს იმის საშუალებას, ვთქვათ, რომ ჩვენ შედარებით, ასე თუ ისე, ნორმალურად ვუმკლავდებით გამოწვევებს, მოდუნების საფუძველი არ მოგვცეს. აბსოლუტურად უნდა ვიაზრებდეთ მდგომარეობის იმ სიმძიმეს, რომელსაც ყოველდღიურად ვხედავთ ევროპის ქვეყნებში. ასევე ყველას უნდა გვახსოვდეს, ეს ის ქვეყნებია, რომლებიც სამწუხაროდ, ეკონომიკურად საქართველოზე ბევრად უფრო ძლიერები არიან, ეს ის ქვეყნებია, რომელთა თუნდაც, ჯანდაცვის სისტემები ბევრად უფრო ძლიერია. ჩვენი ერთადერთი ინსტრუმენტი ვიყოთ ეფექტურები და წარმატებულები ამ ვირუსთან ბრძოლაში, სწრაფი, თამამი გადაწყვეტილებებია და არცერთ შემთხვევაში არ გვაქვს იმის უფლება, დავიგვიანოთ“, - განაცხადა გახარიამ.