პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანა კონკრეტული გეგმის მიხედვით მიდის და თუ ხვალ სწრაფი ტესტების აუცილებლობა იქნება, ტესტები ხვალვე იქნება.
როგორც უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი გახარიამ განაცხადა, ქვეყანაში სწრაფი ტესტები არსებობს, თუმცა, მის გამოყენებას თავისი დრო და ადგილი აქვს.
„კრიზისის პერიოდში, მაშინ როცა აბსოლუტურად რთულად პროგნოზირებადი კრიზისია, პოპულიზმი ყველაზე დიდი რისკია და პოპულიზმის ფასი არა პოლიტიკური დივიდენდებია, როგორც ჩვენ ზოგიერთ პოლიტიკოსს ჰგონია, არამედ ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე. როცა მეკითხებით სწრაფი ტესტების შესახებ მე, მთავრობის ხელმძღვანელს, როცა მილიონჯერ გქონდათ შესაძლებლობა შესაბამისი ექსპერტებისთვის და სპეციალისტებისთვის გეკითხათ და ვიცი, რომ ჰკითხეთ, მათი პასუხებიც ვიცი და ამ კითხვას რამდენჯერმე იმეორებთ, ჩემთვის ესეც გარკვეული სახის პოპულიზმია. ჩვენ კონკრეტული გეგმის მიხედვით მივდივართ, სადაც სწრაფ ტესტებს თავისი დრო და თავისი ადგილი აქვს.
სწრაფი ტესტების დროც მოვა, მაგრამ ამ სწრაფ ტესტებს აქვს თავისი ფუნქცია და როცა ზოგიერთი პოლიტიკოსი თქვენთან ერთად აჩენს მოლოდინს, რომ სწრაფი ტესტი ნიშნავს იმას, რომ მედიკოსები გამოვლენ ქუჩაში და დაიწყებენ მასობრივ ტესტირებას, ეს არის სიცრუე. სწრაფი ტესტირების არანაირი აზრი არ არსებობს, თუ მას არ მოჰყვება კონტროლის შემდგომი მექანიზმები. შესაბამისად, სწრაფი ტესტები ჩვენ შემთხვევაში ყველაზე ეფექტური და ყველაზე საჭირო არის, იცით სად? პირველ რიგში, იმ სპეციალური სოციალური ჯგუფების კონტროლისთვის, რომლებიც წინა ხაზზე არიან. იქნება მაშინ, როცა ამის აუცილებლობა იქნება, თუ ხვალ იქნება ამის აუცილებლობა, სწრაფი ტესტები იქნება ხვალ და თქვენ თუ ფიქრობთ, რომ ეს სწრაფი ტესტები დღეს ქვეყანაში არ არსებობს, ძალიან ცდებით და თუ თქვენ გგონიათ, საგანგებო მდგომარეობის პირობებში მე ვალდებული ვარ აქ ვიდგე და თქვენს მსგავს პოპულისტურ შეკითხვებს ვუპასუხო, ისე როგორც თქვენ გგონიათ, რომ აუცილებელია, ძალიან ცდებით, იმიტომ, რომ არის საგანგებო მდგომარეობა და ჩემი, როგორც მთავრობის ხელმძღვანელის ძირითადი ვალდებულებაა მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობასა და სიცოცხლეზე ზრუნვა“, - განაცხადა გახარიამ.