საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით დღეიდან, საქართველოში ყველა სანოტარო ბიურო დაიხურება. ამასთან, დაიკეტება ყველა იუსტიციის და საჯარო რეესტრის ფრონტ-ოფისები.
როგორც იუსტიციის მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მომდევნო დღეების განმავლობაში გამოქვეყნდება ის ლოკაციები, სადაც შესაძლებელი იქნება სანოტარო მომსახურების მიღება.
„მე როგორც უწყების ხელმძღვანელს გამიჩნდა გრძნობა, რომ ზოგიერთი სანოტარო ბიუროს ფუნქციონირება იყო წინააღმდეგობაში იმ რეკომენდაციებთან, რომელიც გასცა უწყებათაშორისმა საბჭომ. უფრო მეტიც, ბოლო დღეებში მქონდა შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთ ნოტარიუსს გაუჭირდა ფეხი აეწყო საფრთხისთვის, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა. შესაბამისად, დღეს ყველა სანოტარო ბიურო საქართველოში იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით დაიკეტა. დღეიდან დაიკეტება ყველა ფრონტ ოფისი რეესტრებისა და იუსტიციის სახლებისა, მაგრამ სერვისების გაცემა უნდა გაგრძელდეს, მათ შორის სანოტარო მომსახურების ჩვენ დაგვჭირდება დღევანდელი და ხვალინდელი დღე, რომ შევძლოთ გამოვაქვეყნოთ ის პირობები, რომელშიც რეესტრები გააგრძელებენ შეძლებისდაგვარად მუშაობას, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების მიღება ყველაფრის მიუხედავად შეძლოთ. გამოქვეყნდება ის ლოკაციებიც, რა თქმა უნდა, ძალიან შეზღუდული ოდენობით, სადაც შესაძლებელი იქნება სანოტარო მომსახურების მიღება და გამოქვეყნდება სია იმ ფილიალებისა ჩვენი ფრონტ ოფისების, რომელიც ასევე იქნება შეზღუდული“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.