მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ  ცხელ ხაზზე - 144 შესულ მოქალაქეთა ზარებზე პასუხის დაყოვნება ზარების სიმრავლეს უკავშირდება

მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის ცხელ ხაზზე - 144 შესულ მოქალაქეთა ზარებზე პასუხის დაყოვნებას ზარების სიმრავლით ხსნიან.

როგორც უწყებაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მთავრობის ცხელი ხაზი - 144, რომელიც მოქალაქეებს საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე კოორდინაციის მიზნით შეიქმნა, უკვე მუშაობს და ცხელ ხაზზე საკმაოდ ბევრი ზარი შედის, ამიტომ გარკვეულ მომენტში ზარების რაოდენობა შესაძლოა, შეფერხების მიზეზი იყოს. მათივე ინფორმაციით, ამჟამად მოლოდინის რეჟიმში 190 ზარია.

ცნობისთვის, დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთავრობის ცხელი ხაზი შეიქმნება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს საგანგებო რეჟიმთან დაკავშირებით ნებისმიერ საკითხის თაობაზე კოორდინაციას გაუწევს. პრემიერის თქმით, ცხელ ხაზზე ასევე, მომსახურებას გაუწევენ იმ საწარმოებსა და სპეციალურ დაწესებულებებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში მუშაობენ.

„შეუძლებელია დღეს ზუსტი პროგნოზის გაკეთება, რა იქნება ერთ კვირაში ან ორ კვირაში, ამიტომ უკიდურესი მნიშვნელობა აქვს კოორდინირებულ მუშაობას, სწორედ ამიტომ შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი -144, რომელიც, რა თქმა უნდა, იქნება უფასო და რომელიც სრულ კოორდინაციას გაუწევს ჩვენს მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება საგანგებო მდგომარეობას. ეს იქნებ ის ხაზი, სადაც ჩვენ გვექნება პირდაპირი კომუნიკაცია ჩვენს მოქალაქეებთან. ჩვენს ქვეყანაში არსებობენ საწარმოები, რომელთაც უნდა გააგრძელონ ფუნქციონირება, არსებობენ სპეციალური სამსახურები, რომელთაც უნდა იფუნქციონირონ 24 საათის განმავლობაში და ეს იქნება ის უწყება, ვგულისხმობ შტაბს, რომელიც მომსახურებას გაუწევს ყველა საწარმოს - სტრატეგიულ მნიშვნელობის და არა მხოლოდ, რომელმაც 24 საათის განმავლობაში უნდა გააგრძელოს ფუნქციონირება“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.