IMF - პანდემიამ გაართულა ქართველი ხალხის ყოფა და გააუარესა საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივა

პანდემიამ გააუარესა საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივა, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მერსედეს ვერა-მარტინმა განაცხადა.

„ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემურმა გავრცელებამ გაართულა ქართველი ხალხის ყოფა და გააუარესა საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივა. საპასუხოდ საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს ღონისძიებებს, რაც შეარბილებს ამ შოკის გავლენას მოსახლეობაზე და ეკონომიკაზე. სსფ აქტიურად თანამშრომლობს ქვეყნის ხელისუფლებასთან, მიმდინარე პროგრამის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ ფარგლებში დამატებითი ფინანსური რესურსის მისაწოდებლად, რაც საჭიროა ვირუსის გავრცელების შესაკავებლად, ეკონომიკის და ქართველი ხალხის მხარდასაჭერად. შოკის გავლენის შესუსტებასთან ერთად, სსფ-ს დაფინანსება სხვა დონორების დაფინანსების წამახალისებელიც გახდება“, - განაცხადა მერსედეს ვერა მარტინმა.