საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეიდან საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა.
შესაბამისი გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, გუშინ გამართულ ბრიფინგზე გააჟღერა.
საყოველთაო კარანტინის ფარგლებში, საღამოს 21:00 საათიდან მოქალაქეებს როგორც ფეხით, ისე მანქანით გადაადგილება დილის 06:00 საათამდე ეკრძალებათ.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება.
"ჩვენი ერთადერთი ინსტრუმენტი, ვიყოთ ეფექტურები და წარმატებულები ამ ვირუსთან ბრძოლაში, არის სწრაფი და თამამი გადაწყვეტილებები და არცერთ შემთხვევაში არ გვაქვს დაგვიანების უფლება. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ზომების გამკაცრების და ჩვენ ვაცხადებთ ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინს. საყოველთაო კარანტინის ფარგლებში იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადადგილება. დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის, ტაქსით მგზავრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამნისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება მხოლოდ სამი ადამიანი, მათ შორის მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორი ადამიანი ისხდება უკანა სავარძელზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომლის არ გათვალისწინების შემთხვევაშიც შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს. ასევე, მგზავრთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომელთა ორგანიზებული და უსაფრთხო გადაწყვანის მიზნით," - განაცხადა გახარიამ გუშინ გამართულ ბრიფინგზე.