საქართველოში დღეს დილიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საქართველოს მასშტაბით დღეს დილის 08:00 საათიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აირძალა.

გადაწყვეტილება მთავრობამ გუშინ გამოაცხადა და განმარტა, რომ აკრძალვა ქვეყანაში გამოცხადებული საყოველთაო კარანტინის ფარგლებში დაწესდა. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სამედიცინო სფეროსა თუ სხვა სტრატეგიულ ობიექტებში დასაქმებული ადამიანების გადაადგილებას დამსაქმებელი უზრუნველყოფს.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით დილის 08:00 საათიდან გაჩერდება. იმ ადამიანების გადაყვანა, რომლებიც დასაქმებული არიან სამედიცინო სფეროსა და ყველა სტრატეგიულ დარგსა თუ საწარმოში, რომელიც ნებადართული იქნება, უნდა იყოს ორგანიზებული დამსაქმებლის მიერ, ან თანამშრომელი იმოგზაურებს პირადი ავტომობილით, ან ტაქსებით, რომელიც ასევე დაშვებულია,“ - განაცხადა ცქიტიშვილმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე.

მინისტრის თქმით, პირადი ავტომობილით და/ან ტაქსით გადაადგილება ნებადართული იქნება 08:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე.

„დილის 08:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე ნებადართულია პირადი ავტომობილებით გადაადგილება და ტაქსებით მუშაობა. ამ პერიოდის განმავლობაში, ასევე, ნებადართულია იმ სპეციალური ტრანსპორტის მოძრაობა, რომელიც მოემსახურება ამა თუ იმ დარგის თანამშრომელს. საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე პერიოდში იმოძრავებენ მხოლოდ ის სატრანსპორტო საშუალებები, რომელსაც ექნება სპეციალური საშვი,“ - განაცხადა ცქიტიშვილმა.