საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) საქართველოსთვის დამატებითი ფინანსური რესურსის გამოყოფას განიხილავს. როგორც სავალუტო ფონდის განცხადებაშია აღნიშნული, ეს საქართველოს ხელისუფლებას ახალი კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური შოკის შერბილებაში დაეხმარება.
„ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემურმა გავრცელებამ გაართულა ქართველი ხალხის ყოფა და გააუარესა საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივა. საპასუხოდ საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს ღონისძიებებს, რაც შეარბილებს ამ შოკის გავლენას მოსახლეობაზე და ეკონომიკაზე. სსფ აქტიურად თანამშრომლობს ქვეყნის ხელისუფლებასთან, მიმდინარე პროგრამის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ ფარგლებში დამატებითი ფინანსური რესურსის მისაწოდებლად, რაც საჭიროა ვირუსის გავრცელების შესაკავებლად, ეკონომიკის და ქართველი ხალხის მხარდასაჭერად. შოკის გავლენის შესუსტებასთან ერთად, სსფ-ს დაფინანსება სხვა დონორების დაფინანსების წამახალისებელიც გახდება“,-განაცხადა სსფ-ს (IMF) საქართველოს მისიის უფროსმა ვერა მარტინმა.