2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, საქართველოში შობადობის მაჩვენებელი შემცირდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან აცნობეს, 2019 წელს საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 48 296 ბავშვი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 5.6%-ით ნაკლებია.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2019 წელს ცოცხლად დაბადებულ ბავშვებს შორის 25 029 ბიჭი და 23 267 გოგოა.
2019 წელს დაბადებულთა ყველაზე მეტი რაოდენობა დაფიქსირდა თბილისში (16 022 ბავშვი), ხოლო ყველაზე მცირე – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (284 ბავშვი).
„დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, 37.9 პროცენტიდან 38.1 პროცენტამდე გაიზარდა რიგით პირველი დაბადებულის წილი. მესამე და მომდევნო რიგითობის დაბადებულთა წილი 23.6 პროცენტიდან 24.7 პროცენტამდე გაიზარდა, ხოლო მეორე შვილის წილი შემცირდა 38.2 პროცენტიდან 36.5 პროცენტამდე,“ - ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, 25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი შემცირდა, ხოლო 40 წლის და უფროსი ასაკის დედების წილი გაიზარდა.
„2019 წელს დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში, წინა წელთან შედარებით, 25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 31.1 პროცენტიდან 30.0 პროცენტამდე შემცირდა. 40 წლის და უფროსი ასაკის დედების წილი 2.9 პროცენტიდან 3.8 პროცენტამდე გაიზარდა, ხოლო 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის ქალების წილი თითქმის უცვლელია. 2019 წელს დედის საშუალო ასაკი პირველი ბავშვის დაბადებისას 25.9 წლით განისაზღვრა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.