სამართალდამცავები მკაცრად გააკონტროლებენ კომენდანტის საათის დროს არსებული შეზღუდვის მოქმედებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან მოსახლეობას შეახსენა, რომ დღეს 21:00 საათიდან კომენდანტის საათი ამოქმედდება და საზოგადოებას მოუწოდა, დაიცვან შეზღუდვები.
„დღეს კომენდანტის საათის ამოქმედება შედის ძალაში და 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე აკრძალულია ყველა სახის გადაადგილება, როგორც ტრანსპორტით, ასევე ფეხით. ეს არის ის აუცილებელი ზომა, რომელიც საჭირო იყო იმისათვის, რათა მაქსიმალურად შეგვეჩერებინა კოვიდ-19 ის გავრცელება. მივმართავთ მოსახლეობას, დაიცვას ეს შეზღუდვა. სამართალდამცავები მკაცრად გააკონტროლებენ ამ შეზღუდვის მოქმედებას,“ - განაცხადა ჩიქოვანმა.