საჯარო სამსახურის ბიუროს სახელფასო დანამატების საკითხზე ჯერ მუშაობა არ დაუწყია

საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელის, ეკა ქარდავას განცხადებით, სახელფასო დანამატების საკითხზე ჯერ მუშაობა არ დაწყებულა.

ამის შესახებ ეკა ქარდავამ თბილისის მერის, დავით ნარმანიას ბრძანების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა, რომელიც მერიის ორგანოების თანამშრომლებზე დანამატის გაცემას ეხება. "დანამატებთან დაკავშირებით ჩვენ ჯერ არ გვიმუშავია, ეს საკითხი ღიაა და რეგულირდება მოქმედი კანონის საფუძველზე. რაც შეეხება პრემიების საკითხს, ამაზე მუშაობა უკვე დასრულებულია", - განაცხადა ქარდავამ.

ამასთან, მისივე თქმით, პრემიების გაცემის ახალი ნორმა თვითმმართველობებზე არ ვრცელდება. ქარდავას განმარტებით, თვითმმართველობებს შეუძლიათ, პრემიები დადგენილების საფუძველზე განსაზღვრონ.

საჯარო სამსახურში პრემიის გაცემის წესი და პირობები საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის #449 დადგენილებით განისაზღვრა.

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ მერიის ორგანოების თანამშრომლებზე დანამატის გაცემის შესახებ ბრძანება გამოსცა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, დანამატი 2014 წლის 1 სექტემბრიდან წლის ბოლომდე ყოველთვიურად, დარიცხული ხელფასის პროპორციულად უნდა გაიცეს. დოკუმენტის მიხედვით, დანამატის ჯამური რაოდენობა ოთხი თვის განმავლობაში 152 060 ლარს შეადგენს. ბრძანების მიხედვით, დანამატს 26 თანამდებობის პირი იღებს.