საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც სირთულეები შეექმნათ კორონავირუსის გავრცელების შედეგად დაწესებული შეზღუდვების გამო, კვიპროსის, პორტუგალიისა და ესტონეთის რესპუბლიკებში საქართველოს საელჩოებმა უზრუნველყვეს დროებითი საცხოვრებლითა და პირველადი საჭიროების პროდუქტებით. საელჩოებმა მათ ასევე გაუწიეს დახმარება საქართველოში გამოსამგზავრებლად. ამის შესახებ ინფორამციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მოქალაქეებმა დახმარების თხოვნით საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საელჩოების ცხელ ხაზს მიმართეს.
“კვიპროსში საქართველოს საელჩომ დროებითი საცხოვრებლით და საკვები პროდუქტებით უზრუნველყო 11 მოქალაქე, რომლებსაც გაუუქმდათ უკან დასაბრუნებელი ბილეთები და სასტუმროების დაკეტვის გამო ვერ ახერხებდნენ თავშესაფრის დამოუკიდებლად შოვნას. ამაზე დამატებით, საელჩომ პირველადი მოხმარებისა და საკვები პროდუქტებით მოამარაგა 40-მდე საქართველოს მოქალაქე, მათ შორის არასრულწლოვნები - საელჩო მათთან რჩება მუდმივ კავშირზე.
პორტუგალიაში საქართველოს საელჩოს უშუალო ჩართულობით და დახმარებით სამშობლოში ალტერანტიული მარშრუტებით გამოემგზავრა ოთხი ქართველი სტუდენტი. ხოლო, ათამდე სტუდენტთან საელჩო რჩება მუდმივ კავშირზე, უწევს კონსულტაციას და იღებს ინფორმაციას მათი საჭიროებების შესახებ. ასევე, საელჩოს დახმარებით დაბინავებულია რამდენიმე საქართველოს მოქალაქე.
ესტონეთში საქართველოს საელჩო, საქართველოს მოქალაქეებს, როგორც პირადად, ისე საელჩოს სოციალური ქსელებისა და ვებ-გვერდის საშუალებით, რეგულარულად აწვდის განახლებულ ინფორმაციას საქართველოში დაბრუნების შესაძლებლობებისა და ესტონეთში საგანგებო მდგომარეობის დროს არსებული რეგულაციების შესახებ. საელჩო მათ უზრუნველყოფს კონსულტაციით თუ როგორ იმოქმედონ და ვის მიმართონ COVID-19-ის სიმპტომების არსებობის შემთხვევაში. მოქალაქეებს ასევე მიეწოდებათ ინფორმაცია სხვა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. ამასთან, საელჩო აქტიურად მუშაობს არსებული სიტუაციის გამო წარმოქმნილი სხვადასხვა ხასიათის პრობლემების გადაწყვეტაში ესტონეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად. დიასპორული ორგანიზაციის ჩართულობით საელჩომ დახმარება გაუწია საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც შექმნილი ვითარების გამო მოკლებული იყვნენ საცხოვრებელსა და პირველადი საჭიროების პროდუქტებს.
მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის გავრცელების ფონზე, საქართველოს მთავრობის ძალისხმევით, სამშობლოში ამ დრომდე მოხდა 4000 მოქალაქის ორგანიზებული დაბრუნება. საქართველოს მთავრობა განაგრძობს უცხოეთში მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების უზრუნველყოფას”, - ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.