მედპერსონალის ტრანსპორტირება მთავრობამ უნდა უზრუნველყოს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გადაადგილების კუთხით მთავრობის მიერ გამოცხადებულ დამატებით შეზღუდვებს. ჭიაბერაშვილის თქმით, აუცილებელია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილი ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა პირდაპირ მიამაგრონ კონკრეტულ საავადმყოფოებს და ამით უზრუნველყონ მედპერსონალის გადაყვანა.
„ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის შესამცირებლად მთავრობამ დამატებითი შეზღუდვები აამოქმედა და, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ამოცანებიდან გამომდინარე, აუცილებელ ნაბიჯად მიიჩნია საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრულად გაჩერება. ასეთ დროს გასათვალისწინებელია უამრავი დაბალხელფასიანი ექიმისა და ექთანის მდგომარეობა, რომლებსაც არ შეუძლიათ ტაქსის საფასურის გადახდა. გამოსავალი ვერ იქნება ვერც ამ ხარჯის საავადმყოფოებზე დაკისრება, რადგან კრიზისის დაწყებამდეც საავადმყოფოების ფინანსური მდგომარეობა და ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან მათ მიმართ დავალიანება უკვე იყო საზოგადოებაში განხილვის საგანი. ამიტომ აუცილებელია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილი - ავტობუსები, სამარშრუტო ტაქსები - ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა პირდაპირ მიამაგრონ კონკრეტულ საავადმყოფოებს და უზრუნველყონ რეგულარულად, ცვლების მიხედვით, მედპერსონალის გადაყვანა სახლიდან საავადმყოფოში და უკან," - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
აღნიშნულ კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.