"ენერგო-პრო ჯორჯია": ფოთისა და ურეკის რაიონების ენერგომომარაგება გაუმჯობესდა

110 კვ მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი "ნიგვზიანი" ექსპლუატაციაში გაეშვა.

ამის შესახებ ინფორმაციას "ენერგო-პრო ჯორჯია" ავრცელებს. კომპანია 12 კმ სატრანზიტო ხაზის მშენებლობას რამდენიმე თვე აწარმოებდა, ხოლო ტექნიკურ დეტალებზე სამუშაოს დასრულების შემდეგ, ხაზი ექსპლუატაციაში საბოლოოდ შევიდა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ხაზი "ნიგვზიანი" სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რადგან ის ელექტროენერგიის მიწოდების სტაბილურობის გარდა, იძლევა მეტი სიმძლავრეების გატარების შესაძლებლობას. ახალი ხაზის მშენებლობის პროექტის ღირებულება 3,5 მლნ ლარია. ხაზი "ნიგვზიანი" ელექტროენერგიას აწვდის ფოთისა და ურეკის ზონას. დღემდე აღნიშნულ რაიონებს ელექტროენერგია მიეწოდებოდა 110 კვ ხაზი "ჭალადიდის" მეშვეობით, ხოლო "ნიგვზიანის" ექსპლუატაციაში გაშვებით, აღნიშნულ რაიონებს სიმძლავრის მიწოდების თვალსაზრისით გაუჩნდათ კვების მეორე წყარო; რაც ელექტროენერგიის უწყვეტი და სტაბილური მომარაგების გარანტიაა.

"ნიგვზიანის ექსპლუატაციაში შესვლით, ურეკისა და ფოთის ზონის ელექტროენერგიის მიწოდების სტაბილურობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. რაც ნიშნავს იმას, რომ 110 კვ ქსელში კომპანიის მიერ განხორციელებული გეგმური და ავარიული გათიშვების შემთხვევაშიც კი, აღნიშნულ რაიონებში ელექტროენერგიის მიწოდება ფაქტობრივად, არ შეფერხდება. გარდა ამისა, ავარიული რეჟიმის შემთხვევაში, ახალი ხაზით შესაძლებელი იქნება ძაბვის მიწოდება ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის, ქობულეთის, სამტრედიის, ხონის და ბათუმის ნაწილისთვის", - აცხადებენ "ენერგო-პრო ჯორჯიაში".