„დღეს ყველა მეხანძრეების როლში ვართ და ყველა ვწყვეტთ იმ საკითხს, რაც არის დღის წესრიგში,“- ამის შესახებ ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
მისივე თქმით, სახელმწიფო ძალიან ეფექტურად მუშაობს და ამ ეტაპზე ადეკვატურია თუ როგორც იმართება პროცესი.
„თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს მთავრობასთან, ალბათ, დღე არ გასულა, რაიმე კომუნიკაცია არ გვქონოდა. დღეს, ყველა ვართ მეხანძრეების როლში. ყველა ვწყვეტთ იმ საკითხს, რაც არის დღის წესრიგში და ეს უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ მთავარი პრობლემა არ მორჩება.
სახელმწიფო მართლა ძალიან ეფექტურად მუშაობს. უბრალოდ, ერთი წუთით, წარმოიდგინეთ - ხართ ადამიანი, რომელსაც ყოველდღიურად უწევს ამ ძალიან მძიმე ვითარებაში, სოლიდური გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც თითოეულ ოჯახს, თითოეულ ადამიანს, მათ ჯანმრთელობას და ა.შ. ეხება. ამ პროცესს მეტნაკლებად ახლოდან ვუყურებ და ამიტომ გეუბნებით, დღეს, მთელი კონცენტრაცია იმ ადამიანების რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებებს ქვეყანაში, მიმართულია იქით, რომ გამოვიდეთ ამ მთავარი პრობლემიდან რაც არის - მაქსიმალურად ნაკლები ადამიანის დაინფიცირება და ადამიანების ჯანმრთელობის მაქსიმალურად გაფრთხილება.
ეს არ ნიშნავს რომ ეკონომიკურ პრობლემებზე არ ვსაუბრობთ, მეტიც, როცა კონკრეტული პრობლემა ჩნდება იმ წუთში ვაყენებთ ამ საკითხს და ვამბობთ, ხალხო ეს არის სასწრაფოდ გადასაწყვეტი, თორემ უფრო დიდი პრობლემა იქნება. რაც შეეხება ანტიკრიზისულ გეგმას, ამაზე ბევრი საუბარი იქნება, მაგრამ ჯერჯერობით არ ვიცით პრობლემის სიღრმე, თუ დიაგნოზი არ იცი კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება რთულია. აუცილებლად გვჭირდება ზუსტად გავიგოთ სადა ვართ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს ვინც სამსახური დაკარგეს, შეუძლიათ 1-2 თვე მოცდა, ამ ადამიანებთან მიმართებით გადაწყვეტილებები დღეს-ხვალ არის მისაღები.
მაგრამ ამ ეტაპზე როგორც იმართება პროცესი, ვფიქრობ ეს ადეკვატურია და უნდა ვაცადოთ ადამიანებს, უნდა დავუჯეროთ იმ ხალხს ვინც მოგვიწოდებს სხვადასხვა რეკომენდაციით. მთავარია ეს პრობლემა მალე გადაწყდეს, თორემ თუ ეს პრობლემა დროსა და სივრცეში გაიწელა, მაშინ ნახეთ თქვენ ეკონომიკური პრობლემები,“-განაცხადა ფხაკაძემ.