ანაკლიის განვითარების კონსორციუმი - მთავრობის ინტერესი ფოთის პორტის მიმართ შემაშფოთებელია და ბადებს ეჭვს, რომ მისი მოტივები ეკონომიკის გაძლიერებისა და სამუშაო ადგილების შექმნის სურვილს სცილდება

ფოთის პორტი არ წარმოადგენს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ალტერნატივას, - ამის შესახებ ნათქვამია ანაკლიის განვითარების კონსორციუმის განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მთავრობის ინტერესი ფოთის პორტის მიმართ შემაშფოთებელია და ბადებს ეჭვს, რომ მისი მოტივები საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებისა და სამუშაო ადგილების შექმნის სურვილს სცილდება.

განცხადების თანახმად, ფოთის პორტის განვითარება საქართველოს ეკონომიკის კრახს გამოიწვევს და ამას ბევრი მიზეზი აქვს.

„ფოთის მოძველებული პორტის განახლების ან მის მიმდებარედ, ჩრდილოეთით ახალი პორტის მშენებლობის შემთხვევაში, შეუძლებელი გახდება საქართველომ მიაღწიოს დასახულ მიზანს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას და კავკასიის რეგიონის ეკონომიკურ ცენტრად ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, შესაბამისად, დღის წესრიგიდან ამოღებული იქნება ქვეყნის ევროპა-აზიის სავაჭრო კარიბჭედ ქცევის პერსპექტივაც.

არცთუ დიდი ხნის წინ საქართველოს მთავრობა აცხადებდა, რომ მისთვის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ფოთში უფრო საინტერესოა, ვიდრე ანაკლიაში. ამ უკანასკნელზე კი პირველი არჩევანი საფუძვლიანი მსჯელობის შედეგად გაკეთდა 2014 წელს განხორციელებული დამოუკიდებელი ექსპრტების ანალიზის საფუძველზე. ცოტა ხნის წინ ფოთის პორტის ოპერატორმა კომპანიამ - „ეი-პი-ემ ტერმინალს“ (APMT) - გამოაცხადა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსაგან მიიღო მიწათსარგებლობის ნებართვა.

მთავრობის ინტერესი ფოთის პორტის მიმართ შემაშფოთებელია და ბადებს ეჭვს, რომ მისი მოტივები საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებისა და სამუშაო ადგილების შექმნის სურვილს სცილდება. გარდა ამისა, გაუგებარია მთავრობის ნაბიჯები. ჯერ კიდევ 2019 წლის მაისში გასცა მთავრობამ იგივე მიწათსარგებლობის ნებართვა კომპანიაზე APMT, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ ჩამოერთმია. უფრო მეტიც, მთავრობამ განცხადება გააკეთა ანაკლიის პორტის ახალი ტენდერის გამოცხადების განზრახვის შესახებ. მთავრობის ასეთი არათანმიმდევრულობა გაურკვეველ მდგომარეობაში აყენებს ინვესტორებსა და კრედიტორებს. ფოთის პორტის განვითარება საქართველოს ეკონომიკის კრახს გამოიწვევს და ამას ბევრი მიზეზი აქვს", - აღნიშნულია განცხადებაში.

ინფორმაციის თანახმად, მოცემული ანალიზი საზოგადოებას შეახსენებს, თუ რატომ არის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ასეთი მნიშვნელოვანი ქვეყნისათვის და მისი ეკონომიკისათვის, რატომ არ არის ფოთის პორტი მისაღები ალტერნატივა.

„ანაკლიის განვითარების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა 2013 წელს, მას შემდეგ რაც მთავრობამ საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტების განვითარების სხვადასხვა შესაძლებლობის შედარება იაპონურ საკონსულტაციო კოსორციუმს - PADECO and Orient Consultants - დაავალა. ანაკლია შეირჩა მთელი რიგი უპირატესობების გამო, მათ შორის ტერიტორიის გეო-ტექნიკური პირობების, ფინანსური განხორციელებადობის და რაც მთავარია, იმ მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოციალური და გეოპოლიტიკური ეფექტის გამო, რომელსაც პროექტი იქონიებს, როგორც აფხაზეთის რეგიონზე, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით.

იაპონელი ექსპერტების მიერ მომზადებულ ანგარიშში დეტალურად იყო განსაზღვრული საქართველოს საზღვაო სექტორის პოტენციალი საკონტეინერო ტვირთების გადაზიდვის თვალსაზრისით, ასევე, ამ შესაძლებლობების გამოსაყენებლად საქართველოში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის აუცილებლობა. გარდა ამისა, ანგარიშში ხაზგასმული იყო, რომ საქართველოში არსებული პორტების (ფოთისპორტისჩათვლით) სიმძლავრეები და შიდასახმელეთო კავშირები შეზღუდული ადანების მიერი სახის გაფართოებას ეროვნული საზღვაო სექტორისათვის მხოლოდ მოკლევადიანი ეფექტი ექნება. ქვეყნის გრძელვადიანი პრიორიტეტების დაკმაყოფილებისა და სიმძლავრეების ფაზებად განვითარების უზრუნველსაყოფად, კონსულტანტებმა საქართველოს მთავრობას ანაკლიაში ახალი მსხვილმასშტაბიანი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლბის რეკომენდაცია გაუწიეს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

განცხადების მიხედვით, ფოთში არსებულ პორტს გარკვეული ნაკლოვანებები აქვს და გაფართოების თვალსაზრისით შეუსაბამოა.

„ფოთის პორტზე არჩევანის შეჩერება შეზღუდავს საქართველოს მომავალ ეკონომიკურ ზრდას - საქართველოს საკონტეინერო ტვირთების ბაზარზე არსებული ვითარების გათვალისწინებით - წლიური ზრდა 37% და მეტი, ფოთის პორტის გასაფართოებლად მომზადებული ბოლო პროექტის მიხედვით, რომელიც მის, მაქსიმუმ, 1 მილიონ TEU ტვირთბრუნვამდე ზრდას ითვალისწინებს, ეს სიმძლავრე სრულად იქნება ათვისებული 2025 წლისათვის, რაც თავისთავად გააჩენს სხვა, ახალ პორტში ინვესტირების აუცილებლობას. ფოთში 1 მილიონ TEU ტვირთგამტარობის მიღწევა ნიშნავს 1-ლი და მე-2 ფაზების მშენებლობას, თუმცა, დღესდღეობით არ არებობს რაიმე გარანტია, რომ მე-2 ფაზა განხორციელდება, რადგან მთავრობას არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი მექანიზმი (ფოთის პორტი მთლიანად კერძო მფლობელობაშია) ზემოქმედება იქონიოს ფოთის შემდგომ გაფართოებაზე. ამდენად, ამ პორტზე არჩევანის გაკეთება, ნიშნავს საქართველოს მიერ საკუთარ სტრატეგიულ მისწრაფებაზე - გახდეს კარიბჭე და სატრანზიტო ჰაბი ევროპასა და აზიას შორის - უარის თქმას. (ამის საპირისპიროდ, ანაკლიის გრძელვადიანი განვითარების გეგმა შესაძლებელს გახდიდა წლიური სიმძლავრე 100 მილიონ ტონამდე გაზრდილიყო, 6 მილიონი TEU ჩათვლით). მოკლედ, APMT-ს მიერ შემოთავაზებული ფოთის გაფართოების პროექტი მთლიანად უგულებელყოფს ქვეყნის საჭიროებას გაზარდოს საკონტეინერო გადაზიდვების მოცულობები, რაც წამყვანია ქვეყნის საგარეო ვაჭრობისა და სატრანზიტო შესაძლებლობების გასაზრდელად“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათი შეფასებით, საქართველოს მთავრობა ფოთიდან არ მიიღებს სრულ ეკონომიკურ სარგებელს. კერძოდ კი, ფოთის პორტი არ იქნება კონკურენტუნარიანი და საქართველოს მთავრობა ვერ შესძლებს შემოსავლებით სრულად სარგებლობას.

„წარმოადგენს რა მონოპოლისტს, APMT-ს დაწესებული აქვს ყველაზე მაღალი საპორტო ტარიფები შავ ზღვაში და მის მიღმა. უფრო მეტიც, ფოთი კერძო მფლობელობაშია, ამიტომ სახელმწიფო შემოსავლის სახით მხოლოდ გადასახადებს მიიღებს.

ფიზიკური დაბრკოლებები ფოთში განვითარებისათვის. პრობლემები ინფრასტრუქტურასაც შეეხება. მოკლედ რომ თქვათ, ფოთის გაფართოების პერსპექტივა არსებულ საგზაო ინფრასტრუქტურას ეყრდნობა, რომელიც თავისთავად კიდევ უფრო დატვირთავს ისედაც მჭიდრო ურბანულ საგზაო ტრანსპორტის გადაადგილებას და გაზრიდს ეკოლოგიურ პრობლემებს ქალაქ ფოთში.

ფოთის არსებულ პორტში სახეზეა სერიოზული და ქრონიკური საოპერაციო პრობლემები - უამინდობის გამო პორტის მუშაობის შეჩერებები, რასაც ადგილი აქვს, დაახლოებით, ყოველ მესამე დღეს, ასევე მდინარე რიონის (გამოყოფს ნალექს, რომელიც ზემოქმედებას ახდენს პორტის მისადგომ არხზე) მარშრუტით განპირობებული შეზღუდული სიღრმე - ეს ის საოპერაციო პრობლემებია, რომლებიც ფოთში იარსებებს ჩრდილოეთ ტალღმტეხის აშენების შემთხვევაშიც კი. სატრანსპორტო მოძრაობის გადატვირთვა. ფოთის სანაპიროს ჩრდილოეთ ტერიტორია, რომლის განვითარების ხელშეწყობასაც ცდილობს ამჟამად APMT, არ წარმოადგენს საქართველოს სანაპიროზე არსებულ ყველაზე ხელსაყრელ ლოკაციას და მისი განვითარება გამოიწვევს არსებული სარკინიგზო და საავტომობილო ინფრასტრუქტურის გადატვირთვას“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

განცხადების თანახმად, თუ საქართველო სატრანსპორტო ჰაბად და სატრანზიტო დერეფნად ქცევის პოტენციალის სრულად გამოიყენებას ისახავს მიზნად, ანაკლია ამისათვის ერთადერთი ხელსაყრელი ლოკაციაა.

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის გრძელვადიანი ვალდებულებები და პორტის სიმძლავრეების მუდმივი განახლება მკაფიო სიგნალი იქნება საქართველოს მეზობლებისა და პარტნიორებისათვის იმის შესახებ, რომ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განვითარების თვალსაზრისით, ქვეყანა სანდო და პასუხისმგებლობის მქონე პარტნიორია.

ფოთის პროექტთან შედარებით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს აქტიურად წარადგენს საერთაშორისო არენაზე, აყალიბებს გრძელვადიან პარტნიორულ ურთიერთობებს და იღებს ვალდებულებებს სხვა რეგიონულ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან მიმართებით, რათა საქართველოში მოიზიდოს ტვირთების ახალი ნაკადები. 2016 წელს საინვესტიციო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდგომ, კონსორციუმმა ხელი მოაწერა ურთიერთთანამშრომლობის ხელშერკულებებს „შუა დერეფნის“ ქვეყნების სტრატეგიულ პარტნიორებთან (აზერბაიჯანის, ყაზახეთის და თურქმენეთის პორტები), ევროპასა და ჩინეთს შორის სატრანზიტო ტვირთების მოძრაობაში მნიშვნელოვანი მოთამაშის ადგილის მოპოვების მიზნით, შეუერთდა ტრანსკასპიის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს, მოიპოვა ცენტრალური აზიიდან ყოველწლიურად, დაახლოებით, 3 მილიონი ახალი სატრანზიტო ტვირთის მოზიდვის ვალდებულება და ევრო-კავშირთან, როგორც მთავარ სავაჭრო პარტნიორთან კავშირის უზრუნველყოფის მიზნით, საქმიანი ურთიერთობები გააბა კონსტანცას პორტთან (რუმინეთი)“,-აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, ფოთში APMT-ს მიერ განხორციელებული ნებისმიერი გაფართოებისაგან განსხვავებით, ანაკლიის პორტის პროექტის საინვესტიციო ხელშეკრულების ფარგლებში შემუშავდა პორტის სიმძლავრეების გაფართოების გრაფიკი.

„ანაკლიის პორტის გრძელვადიანი გენერალური გეგმა ითვალისწინებს დაბალანსებულ შერეულ ინფრასტრუქტურას სხვადასხვა ტიპის ტვირთებისათვის, რამაც უნდა დააკმაყოფილოს როგორც ეროვნული, ასევე რეგიონული ეკონომიკური მოთხოვნები. გარდა ამისა, კონსულტანტების მიერ მთავრობის დაკვეთით შესრულებულმა პირველადმა შესწავლამ აჩვენა, რომ ანაკლიის ადგილმდებარეობას უდიდესი ეკონომიკური ეფექტი ექნება რეგიონული განვითარების კუთხით, რაც შეამსუბუქებს დასავლეთ საქართველოს ეკონომიკურ პრობლემებს. უფრო მეტიც, ანაკლია, განსახლების თვალსაზრისით, მცირე ზემოქმედებას იქონიებს ადგილობრივ მოსახლეობაზე, განსაკუთრებით საშუალო- და გრძელვადიან პერიოდში, ვინაიდან გაფართოება, ძირითადად, დაუსახლებელ ტერიტორიებს მოიცავს.

ანაკლიის გაზრდილი ტვირთგამტარობა - ანაკლია გრძელვადიანი, გამოუყენებელ ტერიტორიაზე გასავითარებელი, 52 წლიანი პროექტია, რომლის ტვირთბრუნვის ზრდის შესაძლებლობა 100 მილიონ ტონას აღწევს. ფოთი, კი ვერ გვთავაზობს ასეთ სიმძლავრეს სამომავლოდ, რადგან იქ ფიზიკურად არ არის არც ადგილი ამ ზომის პორტისათვის, არც სივრცე პორტის მიმდებარედ, სადაც შესაძლებელი იქნებოდა, თუნდაც, საშუალო ზომის სპეციალური ეკონომიკური ზონის მოწყობა. ანაკლიის მთავარ უპირატესობას წარმოადგენს ხელმისაწვდომი ტერიტორია, რომელიც საკმარისია არა მხოლოდ ღრმა პორტისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის, არამედ ქალაქის ასაშენებლადაც კი.

ანაკლიის პორტი გაზრდის მთავრობის შემოსავლებს - შეთანხმებულია, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმი, გარდა შესაბამისი არსებული გადასახადებისა, გადაიხდის 2% წლიურ სალიცენზიო მოსაკრებელს. დაანგარისებულია, რომ კონცესიის მთელი ხნის განმავლობაში კონსორციუმის მიერ სახელმწიფოსათვის გადახდილი სალიცენზიო მოსაკრებელის რაოდენობა შეადგენს 500 მილიონ აშშ დოლარს. გარდა ამისა, კონცესიის ვადის ამოწურვის შემდეგ ანაკლიის პორტი სახელმწიფოს საკუთრებაში გადავა, რაც ამ უკნასკნელის მიერ კიდევ უფრო მეტი პირდაპირი შემოსავალის მიღებას ნიშნავს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

განცხადების მიხედვით, ანაკლიის გეგმა ითვალისწინებს ულტრა-თანამედროვე საპორტო ინფრასტრუქტურას. გარდა ამისა, კონსორციუმი თანახმაა განავითაროს დამატებითი სოციალური ინფრასტრუქტურა, რომელიც მოიცავს სამედიცინო დაწესებულებას, საბავშვო ბაღს, სპორტულ და ბიზნეს ცენტრებს.

„ეს არის ნაწილი ანაკლიის გრძლევადიანი ხედვისა, რომლის მიხედვითაც დასახლება უნდა გახდეს ახალი რეგიონული ბიზნეს-ცენტრი მსხვილმასშტაბიანი ლოჯისტიკური და სამრეწველო პარკებით, ახალი ქალაქით ბიზნეს- და ფინანსური ცენტრით, საგანმანათლებლო და ჯანდაცვის დაწესებულებებით, სპორტული და გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურით, და ყოველივე ეს ქვეყანაში ათასობით სამუშაო ადგილს შექმნის. ფოთი არ წყვეტს არსებობას ანაკლიის აშენების შემთხვევაში - ბევრი კრიტიკოსის აზრით, ანაკლიის აშენება გამოიწვევს ფოთისა და ბათუმის პორტების დახურვას, რაც არასწორია. ხსენებული პორტები გააგრძელებენ ფუნქციონირებას, ხოლო მომატებულ სატვირთო გადაზიდვებს ანაკლია მოემსახურება“,- ნათქვამია განცხადებაში.