ეროვნული ბანკი სავალუტო ვაჭრობებში აუქციონის გვერდის ავლით, პირდაპირ მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
„დაახლოებით, ბოლო 1 თვის განმავლობაში ლარის კურსი სხვა ვალუტებთან მიმართებაში უფრო მერყევი იყო, ერთ-ერთი განმაპირობებელი სწორედ ესეც გახდა, რომ სებ-მა სტრატეგია შეცვალა - თუ წლების განმავლობაში ორიენტირებული ვიყავით რეზერვების დაგროვებაზე, ახლა ვიწყებთ რეზერვების ხარჯვას.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ აქამდე ეროვნული ბანკი ვაჭრობაში მონაწილეობას იღებდა სავალუტო აუქციონების სახით, თუმცა, ახლა შეგვეძლება აუქციონის გვერდის ავლით, პირდაპირი მონაწილეობა მივიღოთ სავალუტო ვაჭრობებში და ეს არის ის ტექნიკური ხასიათის ცვლილება, რაც საშუალებას მოგვცემს უფრო აქტიურად, თითქმის, ყოველდღიურ რეჟიმში ვიყოთ სავალუტო ბაზარზე.
თუმცა, ჩვენი სვალუტო ბაზარზე მონაწილეობის მიზანი არ არის კურსის დადგენა. კურსს მაინც ბაზარი დაადგენს. ჩვენ მხოლოდ დამატებით რესურს მივაწვდით ბაზარს, რაც გაზრდის ლიკვიდობას და შეავსებს იმ დანაკლისს რასაც ეკონომიკა მიიღებს იგივე გზავნილებიდან თუ ტურისტული შემოსავლებიდან.
სავალუტო აუქციონების მიზანი არის უფრო ერთჯერადი, წერტილოვანი დარტყმები როცა გვაქვს ამის საფუძველი. როგორიცაა მაგალითად, ერთჯერადი გადინება ქვეყნიდან ან ერთჯერადი პანიკური ქცევა. დღეს ჩვენ ვუყურებთ უფრო განგრძობით პროცესს, რაც შეიძლება რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდეს, შესაბამისად, უფრო სისტემატიური ჩარევა გვექნება ბაზარზე, თუმცა, რა თქმა უნდა, პარალელურად ერთჯერად ინტერვენციებს - აუქციონებსაც გამოვიყენებთ. რაც შეეხება საჯაროობას, სიხშირე უფრო ნაკლები იქნება, თუმცა რაღაც პერიოდულობით ამ შემთხვევაშიც გამოქვეყნდება და საჯარო გახდება თუ რამდენი დოლარი გაყიდა ეროვნულმა ბანკმა ელექტრონულ პლატფორმაზე, აუქციონების გარეშე,“- განაცხადა ლეჟავამ.