როგორ ხდება რეგიონების სათბურებიდან პროდუქტების დისტრიბუცია

მარნეულის მუნიციპალიტეტში კარანტინის გამოცხადებამ, რეგიონიდან პროდუქტების გამოტანაზე გარკვეული დაბრკოლებები შექმნა.

კერძოდ, იქ არსებული სათბურის თანამშრომლებს, მათ შორის, დისტრიბუტორებს და მძღოლებს საკანტინო ზონის დატოვების უფლება არ აქვთ. შესაბამისად, სოციალურ ქსელში არაერთი პოსტი დაიწერა იმის შესახებ, რომ ადგილობრივებს პროდუქციის რეალიზაცია უჭირთ.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსი თენგიზ კალანდაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტავს, კომპანიებმა უკვე მოიძიეს დისტრიბუტორები თბილისიდან, რომლებსაც რეგიონიდან პროდუქცია შესაბამისი წესების დაცვით გამოაქვთ, ამიტომ ამ მიმართულებით პრობლემა არ არსებობს.

რაც შეეხება საქართველოს სხვა რეგიონებს, თენგიზ კალანდაძის თქმით, ამ ეტაპზე, პროდუქტის დისტრიბუცია-რეალიზაცია ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება.

„სათბურებიდან პროდუქციის გამოტანაზე არანაირი პრობლემა არ არის. ერთადერთი ის, რომ ადგილობრივ მოსახლეს, თუნდაც, მძღოლი იყოს, არ აქვს უფლება დატოვოს საკარანტინო ზონა, ამიტომ, დისტრიბუტორების ჩაყვანა ხდება რეგიონში. თვითონ კომპანიებმა მოიძიეს სხვა მძღოლები თბილისში.

რაც შეეხება პროდუქციას, არანაირი შეზრუდვა არ ეხება. მოგეხსნებათ, სურსათით და სხვა პროდუქტებით ეს დაავადება არ გადადის, ის გადაეცემა მხოლოდ ადამინების კონტაქტით. შესაბამისად, ვინც დარჩა საკარანტინო ზონაში მისი გამოსვლა არ შეიძლება.

საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე კი, ამ ეტაპზე ჩვეულებრივ მიმდინარეობს ვაჭრობისა და დისტრიბუციის პროცესი“,- აცხადებს თენგიზ კალანდაძე.

ნინი ქეთელაური