ხაშურის შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს და მიმდინარე წელს, ხაშურს 13 კმ-იანი ოთხზოლიანი ცემენტ-ბეტონის მაგისტრალური შემოვლითი გზა ექნება.
აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს. როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, სამუშაოები, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სპეციალური რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება.
„E60 აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი, ზემო ოსიაური-ჩუმათეთელის პროექტის ფარგლებში, ხაშურის შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. მიმდინარე წელს, ხაშურს 13 კმ-იანი ოთხზოლიანი ცემენტ-ბეტონის მაგისტრალური შემოვლითი გზა ექნება. აღსანიშნავია, რომ სამუშაოები, ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს დავალებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სპეციალური რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება.
ამ დროისთვის, ცემენტ-ბეტონის საფარის დაგება და სახიდე გადასასვლელების მშენებლობის დასკვნითი სამუშაოები მიმდინარეობს. დასრულებულია აღნიშნულ მონაკვეთზე არსებული ყველაზე რთული კონსტრუქციების მშენებლობა.
ახალი გზა აგარა-ზემო ოსიაურის ბოლო მონაკვეთზე დაიწყება და სურამში მოწყობილ ახალ კვანძთან დაურთდება არსებულ გზას. ხაშურის შემოვლითი გზა, ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზის ნაწილია და ორივე ლოტის დასრულების შემდეგ, გზა რიკოთის საუღელტეხილო გვირაბამდე მივა. ამ გზით, ჩრდილოეთიდან გვერდს ავუვლით ხაშურს, სურამს და ჩუმათელეთს. პროექტის ფარგლებში, საერთო ჯამში აშენდება: 4-ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა, 21 ხიდი, 5 გვირაბი, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელები, წყალგამტარი მილები და სადრენაჟე სისტემები.
ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის მონაკვეთი, ქვეყნის მთავარი სატრანზიტო ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და ამ მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლით გაიზრდება ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობა, ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონე და შემცირდება მგზავრობის დრო. პროექტი შეამცირებს გადაზიდვების ხარჯებს და ხელს შეუწყობს სატრანზიტო მიმოსვლის ზრდას“, - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.