ჩვენ ასევე ძალიან კარგად გვესმის, რომ ის მკაცრი ღონისძიებები, რომელსაც ახლა ვატარებთ ვირუსთან ბრძოლისა და გამკლავების თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, პირდაპირ იქონიებს გავლენას ეკონომიკურ შედეგებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
ამასთან, პრემიერმა მოქალაქეებს საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული წესების დაცვისთვის მადლობა გადაუხადა.
„გუშინ გვქონდა პირველი დღე, პირველი 24 საათი განსაკუთრებული ღონისძიებების, საგანგებო მდგომარეობის გამკაცრების. მინდა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, განსაკუთრებით თბილისელებს გადავუხადო მადლობა, იმ გაგებისთვის, როგორც მოეკიდნენ გუშინდელი დღის, განსაკუთრებით, 21:00 საათის შემდეგ, ღონისძიებებს", - განაცხადა პრემიერმა.
როგორც გახარიამ აღნიშნა, გამოწვევა არის უკიდურესად რთული და გლობალური.
"დღეს შეუძლებელია როგორმე სწორი პროგნოზის გაკეთება რამდენად რთული იქნება შედეგები ეკონომიკაზე. ერთმნიშვნელოვნად ყველა თანხმდება, რომ ჩვენ შევდივართ რეცესიის პერიოდში და შეუძლებელია ამას არ ჰქონდეს მძიმე ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკაზე, ეს არის საქართველოს ეკონომიკაზე გლობალური ტენდენციების ზეგავლენა, თუმცა, ჩვენ ასევე ძალიან კარგად გვესმის, რომ ის მკაცრი ღონისძიებები, რომელსაც ჩვენ ახლა ვატარებთ ვირუსთან ბრძოლისა და გამკლავების თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, პირდაპირ იქონიებს გავლენას ეკონომიკურ შედეგებზე," - განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, დღეს სახელმწიფო ფუნქციონირებს კრიზისული ბიუჯეტის ფარგლებში.
„დღეს არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ ვისაუბროთ ეკონომიკის იმ ზრდაზე რომელზეც წლის დასაწყისში ვსაუბრობდით. ყველას კარგად გვესმის რომ დღეს სახელმწიფო ფუნქციონირებს კრიზისული ბიუჯეტის ფარგლებში. პირველ რიგში გვესმის, რომ თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ მიიღო პირდაპირი ეკონომიკური ზიანი იმ ღონისძიებების გამო, რომელიც მთავრობამ გაატარა და იძულებულია გაატაროს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად და ეს ზიანი ხშირ შემთხვევაში არის პირდაპირი და ხელშესახები. ხშირ შემთხვევაში ადამიანებმა დაკარგეს შემოსავალი და სამუშაო ადგილები," - განაცხადა გახარიამ.