ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მთავრობის მიერ გამოყოფილ 2 მილიარდი ლარის ოდენობის პაკეტით შემუშავებულია ის ზომებიც, რომლებიც ბიზნესს დაეხმარება. მინისტრის თქმით, მთავრობა აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას, რათა მან შეძლოს სამუშაო ადგილების შენარჩუნება.
ამასთანავე, მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და ბიუჯეტის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მთავრობა მზადაა მოსახლეობის იმ ნაწილს დაეხმაროს, რომელმაც სამუშაო ადგილები დაკარგა.
„ჩვენს გუნდს აქვს ამ 2-მილიარდიანი პაკეტის ნაწილში შემუშავებული ზომები ბიზნესისთვის და ჩვენ გავაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერასაც და ამ ზომების თანდათან და ეტაპობრივად მიწოდებას, რათა ბიზნესმა ასევე, შეძლოს შეინარჩუნოს სამუშაო ადგილები, გააგრძელოს ფუნქციონირება ყველა იმ საგანგებო რეჟიმის პირობების დაცვით, რომელიც გამომდინარეობს ჩვენი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან. რა თქმა უნდა, ჩვენ, პირველ რიგში, გვაქვს იმედი, რომ ჩვენი ბიზნესი ამ მხარდაჭერის ზომების შედეგად, შეძლებს შეინარჩუნოს სამუშაო ადგილები და არც ერთი მოქალაქე არ დატოვოს შემოსავლისა და სამსახურის გარეშე, თუმცა თუ ეს მაინც მოხდა, ამისთვის ჩვენ აღმოვჩნდებით მზად და შევთავაზებთ ჩვენს მოქალაქეებს გარკვეულ დახმარებას, რა თქმა უნდა, იმ შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენი ეკონომიკა და ბიუჯეტი გვაძლევს,“- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.