საქართველოს ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, იმ პირების მიმართ, ვინც სამსახური დაკარგა, საპენსიო შენატანების დროებით შეჩერება ამ ეტაპზე არ განიხილება.
„ამ ეტაპზე ეს ზომა გათვალისწინებული არ არის. ჩვენ უნდა შევაფასოთ პირველ რიგში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებმაც შეიძლება დაკარგონ სამსახური. ნებისმიერი პროგნოზის გაკეთება ახლა, მცირე თუ დიდი რიცხვის დასახელება, სპეკულაციური იქნება. დაახლოებით, 1 მილიარდ 200 მილიონის პაკეტი შევთავაზეთ, როგორც ჩვენ მოქალაქეებს, ასევე ბიზნესს. ბიზნესისთვის შეთავასებული პაკეტი სწორედ იმისკენ იყო მიმართული, რომ ბიზნესმა სამუშაო ადგილები შეინარჩუნოს. ვინაიდან, საგანგებო ვითარებაში მხოლოდ დაახლოებით 1 თვე ვიმყოფებით, იმედი გვაქვს, ბიზნესი შეძლებს და გამონახავს საკუთარ რესურსსაც იმისთვის, რომ სამსახურიდან მისი კვალიფიციური პერსონალი არ გაუშვას, ის ადამიანები, რომელთა ტრენინგშიც, კვალიფიკაციის ამაღლებაშიც ბიზნესმაც დახარჯა საკმაოდ დიდი დრო და რესურსი.
ჩვენ ჯერ არ შეგვიძლია შევაფასოთ, თუ რამდენმა ადამიანმა დაკარგა სამსახური, შესაბამისად, ჩვენ დანამდვილებით ვერ ვიტყვით, თუ რა ზომების მიღება, ან რა ოდენობის თანხა იქნება საჭირო იმისთვის, რომ ამ ადამიანების საბაზისო, მინიმალური საჭიროებები დავაკმაყოფილოთ. სწორედ ამიტომ, საზოგადოებას ვთავაზობთ დამატებით, ფიზიკური პირებისთვის საბანკო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში მათი სესხების 3-თვიანი პერიოდით გადავადებას.
1 მილიონ 200 000 ოჯახს და 671 000 ოჯახს ჩვენმა გუნდმა შესთავაზა დროებითი ზომა, რომელიც მათ ხარჯებს, ყოფას, არსებობას შეამსუბუქებს და გაზის ნაწილში, 3 თვის განმავლობაში, მარტის, აპრილის და მაისის თვეში დარიცხულ გადასახადებს სახელმწიფო გადაუხდის“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.