სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ აგრარულ ბაზრებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. სახელმწიფო რწმუნებულის განმარტებით, არაერთი გაფრთხილება მიეცა აგრარულ ბაზრებს, თუმცა იქ მოქალაქეები არ იცავენ სოციალურ დისტანციას და სხვა რეკომენდაციებს, რასაც სურსათის ეროვნული სააგენტოს და ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები აძლევენ მოვაჭრეებს.
ალექსანდრე მოწერელიას განმარტებით, ბაზრებს ბოლო გაფრთხილება მიეცათ, შეუსრულებლობის შემთხვევაში კი დახურვის გადაწყვეტილებას მიიღებენ.
,,მინდა შევეხო რეგიონის აგრარული ბაზრების თემას, ჩვენ გვქონდა ამ საკითხზე შეხვედრა და არ შევწყვიტეთ მათი ფუნქციონირება, შეხვედრას ესწრებოდა სურსათის ეროვნული სააგენტო, რომლებსაც უნდა განეხორციელებინათ მონიტორინგი, გაეცათ რეკომენდაციები, რომელიც უნდა შეესრულებინათ - ეს ასეც მოხდა, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს გვაქვს მოცემულობა, რომ ბაზარში არც ჰიგიენის ნორმები და არც დისტანცია არ არის დაცული. რაც გათვალისწინებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ. ამდენად, კიდევ ერთხელ, მინდა ვთხოვო და გავაფრთხილო ბაზრების ადმინისტრაცია და მოვაჭრეები, თუკი ხვალიდან არ მოხდება რეკომენდაციების შესრულება, მაშინ ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას აგრარული ბაზრების დახურვის შესახებ. ეს ეხება ზუგდიდის, სენაკს და ფოთის აგრარულ ბაზრებს. ჩვენ არაფერს ვითხოვთ განსაკუთრებულს, ეს არის ჰიგიენა და დისტანცია. დღეს ის რაც ბაზრებში ხდება, არის სრული უპასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების მხრიდან. ჩვენ ასეთ ვითარებაში ნამდვილად არ გვინდა ეს გადაწყვეტილება მივიღოთ, ამიტომ კიდევ ერთხელ, ვთხოვთ მათ - ნუ გვაიძულებენ ამ გადაწყვეტილების მიღებას” - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას სახელმწიფო რწმუნებულმა.