ამსტერდამი-თბილისის ჩარტერული რეისით საქართველოს 179 მოქალაქე დაბრუნდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, მოქალაქეები 14 დღეს თბილისში გახსნილ საკარანტინო ზონებში ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ დარჩებიან.
საქართველოს მთავრობის დავალებით, ქვეყნის მასშტაბით საკარანტინო სივრცეების მოწყობას, ორგანიზებას და ოპერირებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახორციელებს. ამსტერდამი-თბილისის რეისით ჩამოსული მგზავრები სასტუმრო „მოქსსა“ და „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ გადანაწილდნენ, სადაც საკარანტინო ზონებია შექმნილი.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი „რაკია ჯორჯიას“ სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის,“ ხოლო ჯი-ემ-თი ჯგუფს სასტუმრო „მოქსი თბილისის“ საკარანტინო ზონისთვის უსასყიდლოდ დათმობისთვის მადლობას უხდის.
„31 მარტს, ღამით საქართველოში ჩამოფრინდა ამსტერდამი-თბილისის გეგმიური რეისი და საქართველოში 180-მდე მოქალაქე დაბრუნდა. თითოეული მათგანი ახლად მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში გადავიყვანეთ, სადაც 14 დღე მოუწევთ გატარება. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო იმ სასტუმროების მფლობელებსა და მმართველებს, რომლებმაც სასტუმროები საკარანტინო ზონებისთვის უსასყიდლოდ დაგვითმეს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აგრძელებს საკარანტინო სივრცეების მოძიებას და შემდეგომ მართვას, ამ ეტაპზე ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით 82 სასტუმროსთან ვთანამშრომლობთ“, -აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.
საკარანტინო ზონებში მოქალაქეები უზრუნველყოფილნი არიან სამჯერადი კვებით, ინდივიდუალური სამედიცინო ინვენტარით და ექიმების მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებიან. ამ ეტაპზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ საკარანტინო ზონები საქართველოს მასშტაბით 82 სასტუმროშია მოწყობილი, სადაც 5400-მდე ადამიანია განთავსებული.