იაპონური ავტომწარმოებელი კომპანია Subaru კორონავირუსის ეპიდემიის გამო ტოკიოს ჩრდილოეთით, გუმის პრეფექტურაში მდებარე ქარხანას ხურავს. სააგენტო Kyodo- ს ცნობით, ქარხანაში მუშაობა დაახლოებით 3 კვირის განმავლობაში - 11 აპრილიდან 1-ელ მაისამდე გაჩერდება. ამ დროის განმავლობაში, სააგენტოს შეფასებით, კომპანიას შეეძლო 70 ათასი მანქანის წარმოება.
ამავე დროს, საავტომობილო კორპორაციამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეჩერებული საწარმოს ყველა თანამშრომელი შეინარჩუნებს სამუშაო ადგილს და შესაბამისად, ხელფასს.
აღნიშნულ ქარხანაში Subaru აწარმოებს Impreza-ს და Forester-ის მოდელებს, რომლებიც განკუთვნილია როგორც ადგილობრივი, ისე ჩრდილოეთ ამერიკის ბაზრისთვის.
მანამდე, 23 მარტს, Subaru-მ უკვე დახურა თავისი ქარხანა შეერთებულ შტატებში. თავდაპირველად, ინდიანაში მდებარე ქარხანაში წარმოება შეწყდა 7 აპრილამდე, მაგრამ ახლა სამუშაოს განახლების შესაძლო ვადა 20 აპრილამდე გადაიდო.
Subaru არ არის ერთადერთი ავტომწარმოებელი, რომელმაც იაპონიაში წარმოება შეაჩერა. კორონავირუსის გამო ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს Toyota-მ, Nissan-მა და Honda-მ.