ციფრული სერვისების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, „საქართველოს ბანკის“ გადაწყვეტილებით, მომხმარებლები მობილბანკის გამოყენებას უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შეძლებენ.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, სიახლეა ისიც, რომ მობილბანკი გასულ თვეებთან შედარებით გაცილებით ნაკლებ ინტერნეტს მოიხმარს. მაშინ, როცა მობილურის ბალანსზე თანხა და მეგაბაიტები გაქვთ.
„საქართველოს ბანკი“ აგრძელებს ვირუსის წინააღმდეგ საპრევენციო ზომების განხორციელებას და მომხმარებელს უნიკალურ სერვისს სთავაზობს. ამიერიდან უკვე შესაძლებელია ნებისმიერი საბანკო ოპერაცია მობილბანკით შეასრულო მაშინაც კი, როცა მობილურის ბალანსზე თანხა ან ინტერნეტის მეგაბაიტები ამოგეწურა. იმისათვის რომ მომხმარებელმა მობილბანკის ინტერნეტის გარეშე შეძლოს გამოყენება, არაა საჭირო, რომელიმე კონკრეტული მობილური ოპერატორის აბონენტი იყო.
„საქართველოს ბანკის მომხმარებელს დღეიდან შეუძლია აღარ იფიქროს იმაზე, აქვს თუ არა საკმარისი მეგაბაიტები. მას შეუძლია, გამოიყენოს მობილბანკი მარტივად და სახლიდან გაუსვლელად. ეს ყველაფერი ვერ განხორციელდებოდა მობილური ოპერატორების − „ბილაინის“, „მაგთიკომისა“ და „სილქნეტის“ გარეშე და გვინდა ამისთვის მათ განსაკუთრებული მადლობა ვუთხრათ“,- აცხადებენ ბანკში.
აღსანიშნავია, რომ ფინანსური ოპერაციების დისტანციურად შესრულების გასამარტივებლად, რამდენიმე დღის წინ, „საქართველოს ბანკმა“ მობილბანკის სერვისები გააუმჯობესა და ფაქტობრივად, ბანკის ვირტუალურ ფილიალად გარდაქმნა. ამასთან, ბანკის გადაწყვეტილებით, სერვისების მეტი ხელმისაწვდომობის მიზნით, გაუქმდა საკომისიო გადასახადიც.