შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 21 საათიდან დილის 6 საათამდე დაწესებულ ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე საქართველოს მასშტაბით 17 მოქალაქე დაჯარიმდა.
მათივე ინფორმაციით, პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების გამო 23 მოქალაქე დააჯარიმა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ და კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. პოლიციამ ღამის განმავლობაში ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული რეგულაციების კონტროლიც განახორციელა.
სამართალდამცველებმა, მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის, მათ შორის ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დარღვევის 60 ფაქტი გამოავლინეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 21 საათიდან დილის 6 საათამდე დაწესებულ ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე საქართველოს მასშტაბით 17 მოქალაქე დააჯარიმა.
პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის 5 პირი დააკავა.
გარდა ამისა, პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების გამო 23 მოქალაქე დააჯარიმა. 1 ფიზიკური და 3 იურიდიული პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე.
პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, აქტიურად განაგრძობს თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ მონიტორინგს, რომლის შედეგადაც, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 4 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
გარდა ამისა, სამართალდამცველებმა 12 პირი დააჯარიმეს მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით”, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.