მსოფლიო ავიაცია მხოლოდ 50%-იანი დატვირთვით მუშაობს

გლობალური საავიაციო ინდუსტრია მხოლოდ 50%-იანი დატვირთვით მუშაობს. ამის შესახებ Bloomberg-ი კომპანია OAG Aviation Worldwide-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

”საავიაციო ინდუსტრიას დაახლოებით რვა კვირა დასჭირდა, რომ გამტარუნარიანობა 106 მილიონიდან 90 მილიონამდე შემცირებულიყო, ბოლო 2 კვირა კი ეს მაჩვენებელი 49 მილიონამდე დაეცა,” - განაცხადა OAG– ის უფროსმა ანალიტიკოსმა ჯონ გრანტმა.

ჯონ გრანტი ასევე არ გამორიცხავს მგზავრთნაკადის 40 მილიონამდე შემცირებას, თუმცა აცხადებს: „ეპიდემიის დასრულების შემდეგ, გამორიცხული არ არის, რომ მგზავრთნაკადი მკვეთრად გაიზარდოს“.

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) მონაცემებით კი, პანდემიამ ავიაკომპანიებს „უპრეცედენტო შოკი“ მიაყენა. მათი გათვლებით, ინდუსტრია 2020 წელს, 252 მლრდ დოლარით დაზარალდება.