ნოდარ ხადური დეპუტატებს ბიუჯეტის პროექტის პარამეტრებს აცნობს

2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პარამეტრებს დეპუტატებს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აცნობს.

ხადური პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაში იღებს მონაწილეობას.

როგორც მინისტრმა სხდომის დაწყებისას ჟურნალისტებს განუცხადა, საბიუჯეტო პრიორიტეტები ცნობილია და მნიშვნელოვნად იზრდება სოციალური ხარჯები, ასევე განათლების სექტორის დაფინანსება და ინფრასტრუქტურული ხარჯები. ამასთან, მინისტრის თქმით, საბიუჯეტო ხარჯები არც ერთი მიმართულებით არ მცირდება, თუმცა მისი უწყება შეეცდება ბიუჯეტის პროექტის მუშაობის პროცესში დამატებითი რესურსების გამოძებნას.

"საბიუჯეტო თანხების გაზრდას ითხოვს თავდაცვის სამინისტრო, განათლების სამინისტრო და სხვა უწყებები. ჩვენ ამ თემაზე ერთობლივად ვმუშაობთ", - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

გარდა ამისა, როგორც ფინანსთა მინისტრი ამბობს, მიმდინარეობს ჯანდაცვის სამინისტროსთან მუშაობა, რათა 2015-2016 წლებში საპენსიო პაკეტის გაუმჯობესება მოხდეს.

საპარლამენტო კომიტეტებში 2015 წლის ბიუჯეტის განხილვა დღეს დაიწყო. ოქტომბრის შუა რიცხვებამდე დასრულდება ბიუჯეტის თავდაპირველი განხილვის პროცესი, რის შემდეგაც საბიუჯეტო პროექტი მთავრობას პარლამენტის შენიშვნებითა და წინადადებებით უკან დაუბრუნდება. ამის შემდეგ საბიუჯეტო პროექტის გადამუშავებული ვარიანტი პარლამენტში ხელმეორედ ნოემბერში შევა, საბოლოოდ კი მას პლენარულ სხდომაზე დეკემბრის ბოლოს დაამტკიცებენ.