"პრემიერის ეკონომიკურმა ინიციატივამ ბევრი შეკითხვა გააჩინა, უცნობია როგორც 2 მილიარდის წყარო, ისე ბუნდოვანია მისი განაწილების მექანიზმი"

"პრემიერის ეკონომიკურმა ინიციატივამ ბევრი შეკითხვა გააჩინა. კარგია, რომ მთავრობა დახმარებას აპირებს, მაგრამ უცნობია როგორც 2 მილიარდის წყარო, ისე ბუნდოვანია მისი განაწილების მექანიზმი " - ამის შესახებ ეკონომისტი აკაკი ცომაია საკუთარ "ფეიბუკ" გვერდზე წერს.

"ბიზნესპრესნიუსი" მის პოსტს უცვლელად გთვაზობთ:

"პრემიერის ეკონომიკურმა ინიციატივამ ბევრი შეკითხვა გააჩინა. კარგია, რომ მთავრობა დახმარებას აპირებს, მაგრამ უცნობია როგორც 2 მილიარდის წყარო, ისე ბუნდოვანია მისი განაწილების მექანიზმი. მხოლოდ ის ვიცით, რომ 800 მილიონი საზოგადოების კომუნალურ ხარჯებს დაფარავს, ხოლო 1.2 მილიარდი ბიზნესების გაკოტრებისგან დაცვასა და უმუშევართა ხელფასების შენარჩუნებას უნდა მოხმარდეს. პირველთან კითხვები არ მაქვს და ვთვლი, რომ სწორი გადაწყვეტილებაა, მაგრამ მეორე საკითხი ძალზე ბუნდოვანია და უნდა ვიმარჩიელოთ.

ვარიანტი 1 - იგულისხმება უკვე განხორციელებული ნაბიჯები. კერძოდ, ბანკების 3 თვიანი შეღავათი, დღგ-ს წინასწარ დაბრუნება, გარკვეული ბიზნესებისთვის საშემოსავლო და ქონების გადასახადის გადავადება, ინფრასტრუქტურის დაფინანსების 300 მლნ-ით გაზრდა. თუ ეს იგულისხმება, თავისი სახელი უნდა დავარქვათ. ესაა გარკვეული ჯგუფისთვის ლიკვიდობის მართვის პრობლემის შემსუბუქების მცდელობა და არა ამ სექტორში 1.2 მილიარდის ჩატოვება. მაშინ ფულადი დახმარება 800 მილიონია და არა 2 მილიარდი. მთავრობა იტყუება და ეს ძალიან ცუდია.

მეორე ვარიანტი - 1.2 მილიარდი დაიხარჯება კონკრეტული ადამიანების ხელფასებსა თუ ბიზნესებზე. ეს უკვე სანგაგაშოა. რა კრიტერიუმით შეირჩევიან? 1.2 მილიარდი ძალზე ცოტაა, რომ ყველა იმ ადამიანის ხელფასი შევინარჩუნოთ, ვინც უხელფასოდ დარჩა, მით უფრო, რომ მათი ზუსტი აღრიცხვა ვერ მოხერხდება და ყველას დაფინანსება რომც მოხერხოთ, სულ მცირე, გამოიწვევს მაკროეკონომიკურ არასტაბილურობას. სხვა ქვეყნებმა სასურსათო ვაუჩერები დაურიგეს საშუალო და საშუალოზე ნაკლები შემოსავლის მქონე ოჯახებს. ეს მოტივაცია გასაგებია, მაგრამ მთავრობა ამ გამოცდილებაზე არ საუბრობს. ასე, რომ ბუნდოვანია, რას აპირებენ. ვიცით, რომ იფრასტრუქტურის დაფინანსება და ბიუროკრატიის ხარჯები არ მცირდება. მაშინ რა არის 800 მილიონის ფასი პირველი ვარიანტის და 2 მილიარდის ფასი მეორე ვარიანტის მიხედვით? შიდა ვალია? საგარეო ვალია? და თუ მასეა, ბევრი სხვა კითხვა ჩნდება სხვადასხვა შესაძლო სცენარით და სურათი კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება. ნუთუ ასე რთულია მწყობრი, გამართული გეგმის ფორმულირება. ეს ხომ მენეჯმენტის ელემენტარული უნარებია? მხოლოდ თქვენს "კლასტერში" რომ იხილავთ რაღაცას, დაუძახეთ ოპოზიციას და პროფესიულ საზოგადოებასაც. არ "ტეხავს"",- წერს აკაკი ცომაია.