ბოლო 24 საათის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 60 ფაქტი გამოავლინა. ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე კი ერთი ფიზიკური და 3 იურიდიული პირი დააჯარიმა.
დაჯარიმებულ ბიზნეს სუბიექტებს შორის არიან ძირითადად სილამაზის სალონები და კვების ობიექტები. აღნიშნული ბიზნესსაქმიანობით დაკავებულ იურიდიულ პირებს კი, კანონის შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მომსახურების გაწევის უფლება ეკრძალებათ.
ამასთან, შსს-ს თანამშრომლებმა, 31-მარტის 21 საათიდან 1-ლი აპრილის დილის 6 საათამდე დაწესებული ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე საქართველოს მასშტაბით 17 მოქალაქე დააჯარიმეს. 23 მოქალაქე დააჯარიმეს საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების გამო . გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში გამოვლინდა თვითიზოლაციის დარღვევის 4 ახალი ფაქტი, 12 პირი კი დააჯარიმეს მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე.
შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. განმეორებით დარღვევა კი სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება და სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.