მსოფლიოში ნავთობის ფასი დაბალ მაჩვენებელს ინარჩუნებს

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში ნავთობის ფასი მსოფლიო სასაქონლო ბირჟებზე სტაბილურად ინარჩუნებს დაბალ მაჩვენებელს და 2 წლის მინიმუმ მაჩვენებელზე დგას.

როგორც კავშირში აცხადებენ, ნავთობის ფასის შედარებით დაბალი მაჩვენებელი განპირობებული იყო რამდენიმე ძირითადი ფაქტორით. მათგან ერთ-ერთი მთავარი არის მსოფლიო სანავთობო ბაზარზე დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მოთხოვნაზე მეტი ოდენობის ნავთობის მიწოდება. თავის მხრივ, ეს განპირობებულია იმით, რომ აშშ-მა გაზარდა საკუთარი ნავთობის მოპოვება და ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პირველად დაიწყო ნავთობის ექსპორტი. აღსანიშნავია ასევე, რომ ოპეკის წევრი ქვეყნები შეხვედრამდე, რომლის ჩატარებაც დაგეგმილია 27 ნოემბერს, არ აპირებენ ნავთობის მოპოვების შემცირების საკითხის განხილვას. ადრე ისინი ამას ყოველთვის იყენებდნენ მაღალი ფასის შესანარჩუნებლად. უფრო მეტიც, ოპეკის რიგი ქვეყნები ნავთობის მოპოვებას ზრდის კიდეც. მაგალითად, ლიბია.

რეკორდულად დიდი რაოდენობის ნავთობს - 11,5 მლნ ბარელს/დღეში მოიპოვებს ასევე რუსეთი, რაც მაქსიმუმი მაჩვენებელია 1987 წლის შემდეგ.

ნავთობის ფასის შემცირების ერთ-ერთი ფაქტორი გახლავთ ასევე დოლარის გამყარება სხვა ვალუტებთან მიმართებაში.

ნავთობის მიმდინარე ფასები მნიშვნელოვან ზარალს აყენებენ იმ ქვეყნებს, რომელთა სახელმწიფო ბიუჯეტი სწორედაც რომ ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტიდან მიღებულ შემოსავალზეა დამოკიდებული. მაგალითად, რუსეთის მიმდინარე წლის ბიუჯეტი დაბალანსებულია ნავთობის ფასზე 96 დოლარის ოდენობით/ბარელზე და მისი თითქმის 50% ნავთობისა და ნავთობპროდუქტებიდან მიღებული შემოსავალით ივსება.