საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, იმ აბონენტს, რომლებიც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და ასევე, 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, 3 თვის განმავლობაში - მარტში, აპრილსა და მაისში სრულად დაუფინანსდება გადასახადი. ასეთი აბონენტების რაოდენობა კი, როგორ გაზის, ასევე ელექტროენერგიის შემთხვევაში 60%-ზე მეტია.
უფრო კონკრეტულად, დღეს საქართველოში ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო მომხმარებელია 1,617,990 აბონენტი, შეღავათი კი შეეხება 1 200 000 აბონენტს. ანუ გამოდის, რომ მთავრობის 3-თვიანი სუბსიდირებით აბონენტების 74,1% ისარგებლებს.
რაც შეეხება გაზს, დღეს ბუნებრივი გაზის სექტორში 1 100 000 აქტიური აბონენტია, აქედან 670 000-ს ეხება შეღავათი, ანუ 60,9%-ს.
შეგახსენებთ, რომ კომუნალური გადასახადების სუბსიდირებაზე განცხადება პრემიერმა გიორგი გახარიამ გუშინ გააკეთა. უხეში დათვლებით შეღავათით ისარგებლებენ მოქალაქეები, რომლებიც თვის განმავლობაში ელექტროენერგიაზე მაქსიმუმ 37 ლარს იხდიან. რაც შეეხება ბუნებრივ აირს, ამ შემთხვევაში კომუნალური გადასახადი სრულად დაუფინანსდება "თბილისი ენერჯის" იმ აბონენტებს, რომლებიც თვის განმავლობაში მაქსიმუმ - 92 ლარს იხდიან.
რაც შეეხება რეგიონებს, "ენერგო-პრო-ჯორჯიას" აბონენტებს შეღავათი შეეხება იმ შემთხვევაში, თუ თვის განმავლობაში დენის გადასახადი მაქსიმუმ 36 ლარია. ხოლო "სოკარ-გაზის" აბონენტები შეღავათით ისარგებლებენ იმ შემთხვევაში, თუ ბუნებრივი აირის გადასახადი თვის განმავლობაში მაქსიმუმ 113-114 ლარს შეადგენს.