რამდენიმე ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის კომპიუტერული ტექნიკით დისტანციურად ვაჭრობა დასაშვები ხდება

მთავრობამ იმ ეკონომიკური საქმიანობის ჩამონათვალი გააფართოვა, რომელთაც შესაბამისი პირობებით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ფუნქციონირება არ ეზღუდებათ.

საქართველოს მთავრობის №211 დადგენილების თანახმად, ამ საქმიანობებს შორისაა:

  • შენობებისა და ნაგებობების მშენებლობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის),
  • სამოქალაქო მშენებლობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის),
  • საშენი მასალების წარმოება (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის),
  • არქიტექტურული საქმიანობა (დისტანციურად),
  • თამბაქოს ნაწარმის წარმოება და ვაჭრობა (გარდა სპეციალიზებული სავაჭრო ჯიხურებისა),
  • სასტუმროები (მხოლოდ საკარანტინო მიზნებისთვის),
  • ტექსტილის რეცხვა და ქიმწმენდა, საგამომცემლო საქმიანობა (პრესის ბეჭდვა),
  • ტელერადიო მაუწყებლობა,
  • ელექტრონული კომუნიკაციები, სადაზღვევო და სალიზინგო საქმიანობა (დისტანციურად),
  • სარეკლამო სააგენტოების საქმიანობა (დისტანციურად),
  • შენობების საერთო დასუფთავება და დეზინფექცია,
  • სახანძრო მომსახურება,
  • ვაჭრობა კომპიუტერებით, კომპიუტერული პერიფერიული მოწყობილობებით და პროგრამული უზრუნველყოფით (დისტანციურად)

ამასთან, დადგენილების თანახმად, დაშვებულია ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, თუ იგი ხორციელდება დისტანციურად მხოლოდ სახლიდან (სახლიდან გაუსვლელად). დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, დისტანციური მუშაობა გულისხმობს სახლიდან მუშაობას, ხოლო კრიტიკულად აუცილებელ შემთხვევებში, ასევე სამუშაო ადგილიდან („სამსახურიდან, ოფისიდან“, მაგრამ არა უმეტეს 5 ადამიანისა).

ელზა წიკლაური