ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ბიზნესს მიმართავს და აცხადებს, რომ მათ უნდა ისწავლონ ცხოვრება გაიდლაინების, ასევე, ეპიდემიოლოგებისა და ინფექციონისტების მიერ შემუშავებული წესების დანერგვითა და დაცვით. ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ჩვენ ახლა პრაქტიკულად ვიმყოფებით კორონავირუსთან ბრძოლის ე.წ. პრეკრიზისულ პერიოდში. ამიტომ გამკაცრდა ჩვენი მიდგომები, რათა მაქსიმალურად დავრწმუნდეთ იმაში, რომ ჩვენ ისევ ისე ეფექტურად, როგორც დღემდე, ვმართავთ პრევენციულ ღონისძიებებს და ვმართავთ ამ პრობლემას, რომ ჩვენი მოქალაქეები არიან დაცულები. თქვენ იცით, რომ 31 მარტიდან ამოქმედდა ფაქტობრივი კარანტინის რეჟიმი ანუ გამაკაცრებული ზომები. ეს გავრცელდა ეკონომიკურ საქმიაობაზეც, ბიზნესზეც. გვესმის, რომ ეს ქმნის გარკვეულ პრობლემებს, მაგრამ ყველანი გაგებით უნდა მოვეკიდოთ ამ ვითარებას, იმიტომ რომ ეს ყველაფერი პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების დაცვისკენაა მიმართული, მათ შორის იმ ბიზნესებში დასაქმებული ადამიანების დაცვისკენ. ჩვენ პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ აქცენტს კვლავინდებურად ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ გაიდლაინებისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, ეპიდემიოლოგებისა და ინფექციონისტების მიერ შემუშავებული წესების დანერგვასა და დაცვაზე. ყველამ უნდა ვისწავლოთ, ბიზნესს მივმართავ, ცხოვრება ამ წესების დაცვით. ეს რა თქმა უნდა, გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ ეს იქნება ბიზნესების შემდგომი ფუნქციონირების აბსოლუტური წინაპირობა," - განაცხადა თურნავამ.