იმ ბიზნესის საქმიანობა, ვინც ეტაპობრივად დაგვანახებს გარანტიებს, რომ შეასრულებს ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილ წესებს, რა თქმა უნდა, შემდგომში იქნება დასაშვები, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
როგორც მინისტრმა COVID 19-ის პრევენციისთვის შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა, შექმნილია საგანგებო შტაბი და ამ შტაბის ფორმატში სხვადასხვა უწყება თანამშრომლობს.
„რაც შეეხება მოქმედი ბიზნესების, ეკონომიკური სუბიექტების და ორგანიზაციების მხრიდან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული გაიდლაინების და წესების შესრულებაზე კონტროლს, ამას ერთობლივად ვახორციელებთ, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ლიდერობით. თუმცა, ამაში ეკონომიკის სამინისტროც არის ჩართული და ჩართულია სხვა რამდენიმე უწყებაც. ეს შემოწმება გეგმაზომიერად ჩატარდება. მინდა, რომ ამისთვის ყველა მოემზადოს და მაქსიმალურად უზრუნველყონ საკუთარი თანამშრომლების დაცვა პირადი დაცვის საშუალებებით, ასევე შეასრულონ სხვა ყველა რეკომენდაცია, თუ მითითება, მათ შორის, აუცილებელი, სავალდებულო თერმოსკრინინგიც. რა თქმა უნდა, ყველა მოქმედ სუბიექტს ამ ვალდებულების შესრულებას მკაცრად მოვთხოვთ. ასევე ის ბიზნესებიც, რომელთა საქმიანობაც დღეს დროებით არის შეჩერებული, ისევ მთავარი ამოცანიდან და პრიორიტეტიდან გამომდინარე, რასაც ჰქვია ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და ვირუსის გავრცელების პრევენცია, მინდა ვუთხრა, რომ ყველა ვინც ეტაპობრივად დაგვანახებს გარანტიებს, რომ შეასრულებს ჯანდაცვის სამინისტროს დაწესებულ წესებს, უზრუნველყოფს საკუთარი თანამშრომლების, კლიენტების უსაფრთხო ფუნქციონირებას, რა თქმა უნდა, ამ ბიზნესების საქმიანობაც შემდგომში იქნება დასაშვები. მაგრამ, პირველ რიგში, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს არის აბოლუტურად უსაფრთხო. ჩვენი პრიორიტეტი ეს არის“, - განაცხადა თურნავამ.