ამ ეტაპზე არასასურსათო პროდუქციის ონლაინ გაყიდვები პრაქტიკულად აკრძალულია. მალე შევთავაზებთ კონკრეტულ წესებსა და მოსაზრებებს ყველას, ვისაც შესაძლებლობა აქვს, ონლაინ გაყიდვებზე გადავიდეს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ონლაინ გაყიდვების აკრძალვაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ონლაინ გაყიდვების უფლება კომპანიებს მიეცემათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი უსაფრთხოების ყველა წესის დაცვას უზრუნველყოფენ. თურნავას განცხადებით, შესაბამისად უნდა იყვნენ აღჭურვილნი ის თანამშრომლებიც, რომლებიც საწყობში განაგრძობენ მუშაობას და ისინიც, ვისაც ესა თუ ის პროდუქტი მომხმარებლისთვის სახლში მიაქვს.
„ვიცი, რომ ეს საკმაოდ მტკივნეული თემაა. ზოგადად, ბიზნესის შეზღუდვა ყოველთვის არასასიამოვნო და მტკივნეულია, მაგრამ კვლავინდებურად მინდა გავიმეორო, რომ ეს პირველ რიგში, ნაკარნახევია იმ აუცილებლობით, რომ ჩვენ ბიზნესებს უნდა მოვთხოვოთ, გადაეწყონ საქმიანობის ახალ წესზე. მაქსიმალურად უნდა დავრწმუნდეთ, რომ ისინი შეძლებენ უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვას. ამ ეტაპზე არასასურსათო პროდუქციის ონლაინ გაყიდვები პრაქტიკულად აკრძალულია. ამაში არ შედის ფარმაცევტული ნაწარმი. რაც შეეხება სასურსათო პროდუქტს, ის გრძელდება, მაგრამ აქაც გადავამოწმებთ და მოვითხოვთ უსაფრთხოების ყველა წესის დაცვას. ეს არის დროებითი იძულებითი ზომა, რადგან საკმაოდ დიდი სფერო და საკმაოდ დიდი სისტემაა: იქ არის საწყობები, იქ არის მიტანის სერვისები, იქ არის ოფისები ჩართული. მინდა, მადლობა ვუთხრა ყველა იმ კომპანიას, ვინც ძალიან მოკლე ხანში ააწყო ეს ონლაინ გაყიდვები. ესეც არ იყო მარტივი. მე ძალიან კარგად ვიცი, რა რესურსთანაც იყო ეს დაკავშირებული. ვმუშაობთ იმაზე, მუშაობის როგორ ფორმატსა და მოდელზე გადაწყობის შეთავაზებას შევძლებთ ბიზნესისთვის.
პირველ რიგში, უნდა დავრწმუნდეთ, რომ საწყობებში მყოფი ადამიანები სამედიცინო გაიდლაინების შესაბამისად არიან აჭღურვილები. ასევე, ის ადამიანები, ვინც მიდიან ამა თუ იმ ოჯახში და მათ ვუღებთ ჩვენი სახლის კარს, თავადაც უნდა იყვნენ დაცული და რა თქმა უნდა, კლიენტებიც. ამაზე უკვე ვმუშაობთ. ძალიან მალე შევთავაზებთ ამ კონკრეტულ წესებს და მოსაზრებებს ყველას, ვისაც შესაძლებლობა აქვს, გადავიდეს ონლაინ გაყიდვებზე და ვინც არის ამ ბიზნესში ჩართული. როგორც კი დავრწმუნდებით, რომ ეს თუ ის კომპანია გარანტიას გვაძლევს, რომ მისი საქმიანობა იქნება უსაფრთხო, ამის შემდეგ შევძლებთ, რომ დავუშვათ კონკრეტული კომპანიების საქმიანობა. როგორც კი მთელი სფერო უპასუხებს უსაფრთხოების წესებს, მთელი სფეროც იფუნქციონირებს. დიდი იმედი მაქვს, მალე მოხდება ეს,“ - განაცხადა თურნავამ.