ნათია თურნავას განცხადებით, იმ საწარმოებს, რომელთა გაჩერებაც მთავრობამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია, წესებისა და გაიდლაინების დაცვას მკაცრად მოსთხოვენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, იმ საწარმოებს, რომელთა გაჩერებაც მთავრობამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია, წესებისა და გაიდლაინების დაცვას მკაცრად მოსთხოვენ.

როგორც უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ განაცხადა, კომპანიის მფლობელებმა საქმიანობის წარმოება უმეტესწილად სახლიდან უნდა მოახდინონ, ოფისში კი მხოლოდ კრიტიკული აუცილებლობის შემთხვევაში მივიდნენ.

„ვისაც ჯერ კიდევ არ უნახავს იმ სექტორების და დარგების ჩამონათვალი, რომლებიც ფუნქციონირებაში რჩებიან, თუმცა, გარკვეული დათქმებით და გარკვეული პირობებით, შეგილიათ ეკონომიკის სამინისტროსა და სხვა შესაბამისი სტრუქტურების ვებგვერდებზე ნახოთ. მათ შორის, ძალიან ბევრია ისეთი საქმიანობა და ისეთი სფერო, რომელიც დისტანციურ ფორმატში უნდა გადავიდეს, დისტანციური ფორმატიც განმარტებულია. მინდა მენეჯრებმა, კომპანიის მფლობელებმა მიაქციონ ყურადღება, ეს არის უპირატესად სახლიდან საქმიანობის წარმოება და ოფისიდან მხოლოდ კრიტიკული აუცილებლობის შემთხვევაში.

ასევე, ჩვენ შევიმუშავეთ და გამოვაქვეყნეთ მსხვილი სისტემაშემქმნელი რამდენიმე ათეული წარმოების ჩამონათვალი. ძირითადად, ეს არის მძიმე მრეწველობა და სამთომომპოვებელი მრეწველობა და გადამუშავება, რომელთა გაჩერებაც ამ ეტაპზე მიზანშეუწონელი იყო, მაგრამ მათაც ძალიან მკაცრად მოვთხოვთ გაიდლაინების და წესების შესრულებას. ეს ისეთი საწარმოებია, რომელთა დიდი ნაწილიც უწყევტ ციკლთან არის დაკავშირებული, ამას ჩვენ გაგებით ვეკიდებით, მაგრამ ასევე ვთხოვთ ამ საწარმოების მენეჯერებს ასევე სრულიად ადვეკვატურად მოეკიდონ ამ შესაძლებლობას. ეს არის დიდი პასუხისმგებლობა იმ ყველა ბიზნესისთვის და წარმოებისთვის, ვინც დღევანდელ დღეს, მიუხედავად გამკაცრებული რეჟიმისა, მაინც რჩება და ფუნქციონირებს, მათ ამ პასუხისმგებლობას უნდა უპასუხონ სრულიად მაღალი გარანტიებით თავისი თაამშრომლების და მათი კლიენტების მიმართ, რომ არ მოხდეს არანაირი გადახვევა იმ წესებიდან, რომელიც დაამტკიცა და დაადგინა ჯანდაცვის სამინისტრომ“, - განაცხადა თურნავამ.