ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, პირველ ეტაპზე მთავრობამ მოსახლეობას კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებული შეღავათები შესთავაზა. ასე უპასუხა "ინტერპრესნიუსის" კითხვას მინისტრმა უმუშევრად დარჩენილი ადამიანების დახმარების გეგმასთან დაკავშირებით.
როგორც მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მთავრობა და განსაკუთრებით ეკონომიკური გუნდი ყოველდღიუ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და უახლოეს პერიოდში იქნება ცნობილი კიდევ რა ფორმით დაეხმარება მთავრობა უმუშევად დარჩენილ მოქალაქეებს.
“ჩვენი ანტიკრიზისული ეკონომიკური პაკეტი არის მიმართული ორი ობიექტისკენ: პირველი, თავდაპირველად განსაკურებით რაც იყო აქტუალური, დაზარალებული ბიზნესსექტორი და იცით, რამდენად ტევადი ღონისძიებები იქნა შეთავაზებული - გადასახადების გადავადებით დაწყებული, საბანკო სესხების რესტრუქტურიზაციით და პროცენტის სუბსიდირებით დასრულებული. ეს რა თქმა უნდა, სოლიდური ღონისძიებებია. მეორე და მთავარი ობიექტი არის მოსახლეობა, არიან ადამიანები, ვინც მიუხედავად ყველა ჩვენი მცდელობისა, ალბათ დაკარგავენ სამსახურს, იმიტომ, რომ ეს ასეა, თვალი უნდა გავუსწოროთ რეალობას, ჩვენ შევდივართ კრიზისში და ყოველ შეთხვევაში, ვიდრე ეკონომიკა არ ამოიქოქება იგივე დონეზე, რაზეც იყო კრიზისამდე, იქნება დროებითი სირთულეები და კარგად ვიცით, რომ ეს დაარტყამს დასაქმებულებსაც მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კომპანია იჩენს მაქსიმალურ პასუხისმგებლობას და ცდილობს, რომ დასაქმება შეინარჩნოს, მაგრამ ეს ყოველთვის ვერ მოხერხდება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ ეტაპზე რაც შევთავაზეთ და ყველაზე სამართლიანი მექანიზმი, რომელიც თანაბრად ეხება თვითდასაქმებულებს, სხვადასხვა სექტორში დასაქმებულებს, უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს, ეს არის კომუნიალურ გადასახადებთან დაკავშრებული შეღავათები, ეს არის საკმაოდ სოლიდური ღონისძიება, რაც პირველ ეტაპზე ჩვენ განვახორციელეთ დათვლების საფუძველზე. რაც შეეხება შემდგომ დახმარებას, ეს ითქვა პრემიერის მხრიდანაც, ჩვენი ეკონომიკური გუნდი ამაზე ყოველდღიურად რეჟიმში მუშაობს, პროცესი გრძელდება და ჩვენ უახლოეს პერიოდში გვექნება ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. თითოეული ჩვენი გადაწყვეტილება, განსაკუთრებით ეკონომიკური, შეღავათებს, სუბსიდიებსა და დაფინანსებებს რაც შეეხება, არის პასუხისმგებლიანი მთავრობის გადაწყვეტილება, ეყრდნობა გათვლებს, რესურსების სწორ მართვასა და გადანაწილებას დროში, რადგან ჩვენ ისევე, როგორც დანარჩენი მსოფლიო, არ ვიცით ბოლომდე, რა დროს წაიღებს ვირუსთან ბრძოლა და ამ პრობლემის გადალახვა. ის, რომ საბოლოო ჯამში, ყველა გადავლახავთ, ამაში დარწმუნებულები ვართ, მაგრამ ჩვენ უნდა მოვემზადოთ პროცესისთვის, რაც ნიშნავს რესურსების უზრუნველყოფასა და სწორ მართვას. აქედან გამომდინარე, ეს ღონისძიება იქნება მიღებული სწორ დროს, სწორი პასუხისმგებლიანი ნაბიჯებით”, - განაცხადა მინისტრმა.