GDG+მა, რომელიც საქართველოს მასშტაბით 5 სამშენებლო პროექტს ახორციელებს, კორნავირუსის გამო, სამუშაოები დროებით შეაჩერა. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ბეჟან წაქაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ობიექტების ნაწილი დასრულებულია, თუმცა გახსნა გადაიდო, დაუსრულებელი მშენებლობები კი, ქვეყანაში სიტუაციის დასტაბილურებამდე შეჩერდება.
„ამჟამად საქართველოს ტერიტორიაზე 5 ობიექტის მშენებლობას ვახორციელებთ. აქედან ნაწილი დასრულებულია, თუმცა გახსნა გადავდეთ, ნაწილის კი კონსერვაციას მოვახდენთ. კერძოდ, ერთი სასტუმროს მშენებლობა უკვე დასრულებული იყო, დეკემბერში ჩავაბარეთ, თუმცა იძულებული გავხდით, კორონავირუსთან დაკავშირებით ისევ დაგვეხურა. მეორე სასტუმრო მდებარეობს ასევე თბილისში, უკლებას ქუჩაზე, სადაც მშენებლობა დასრულებულია, ახლა მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, 15 აპრილს ვაპირებდით გახსნას, თუმცა ესეც გადავდეთ. საუბარია, 50-ნომრიან სასტუმროზე, რომელიც ფაქტობრივად მზად არის გასაშვებად, თუმცა სტუმრების მიღებას, ვითარების დასტაბილურებამდე ვერ შევძლებთ.
რაც შეეხება 3 ობიექტს, ერთი, ეს არის ყიფიანის ქუჩაზე (მთაწმინდაზე), სადაც ე.წ თეთრი კარკასი დასრულებულია, სამუშაოები მიყვანილია რემონტამდე, თუმცა ამასაც შევაჩერებ. გარდა ამისა, როგორც იცით, ქუთაისის აერპორტთან ვაშენებთ სასტუმროს, სადაც მონოლითური სამუშაოები ასევე დასრულებულია, მისი რემონტიც გადაიდება, ისევე, როგორც ვანში მდებარე სასტუმროსი, სადაც საქმე მიყვანილია რემონტამდე და დარჩენილი საქმე დროებით შეჩერდება. აქ მუშა ხელის ფაქტორიც არის, ნაწილი უკვე წასულია რეგიონებში და ა.შ.
მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის. ამის საფუძველს მაძლევს ის ფაქტი, რომ მიუხედავად მსოფლიოს მასშტაბით საკმაოდ რთული ვითარებისა, ჩვენი ქვეყანა საუკეთესო სპეციალისტებით და მთავრობა სწორი ნაბიჯებით, ჯერჯერობით ძალიან კარგად აკონტროლებენ სიტუაციას“,- აცხადებს ბეჟან წაქაძე.