FAO-ს გენერალური დირექტორი წერილს აქვეყნებს - ნუ დავუშვებთ, რომ COVID-19 გახდეს შიმშილის თამაში!

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალური დირექტორი კუ დონჟუ COVID-19-თან დაკავშირებით ღია წერილს აქვეყნებს.

მის წერილს FAO ავრცელებს: “ნუ დავუშვებთ, რომ COVID-19 გახდეს შიმშილის თამაში! მთელ მსოფლიოში, COVID-19-ის პანდემია უზარმაზარი წნეხის ქვეშ აყენებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემებს და მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, მილიონობით ადამიანი გარკვეული ფორმის კარანტინში იმყოფება.

ჩვენ ვიცით, რომ ადამიანური მსხვერპლი იქნება დიდი და რომ რადიკალური ცვლილებების მასიურ ძალისხმევას ექნება მძიმე ეკონომიკური ფასი. კიდევ უფრო დიდი მსხვერპლის რისკის ანუ სურსათის დეფიციტის (განვითარებულ ქვეყნებშიც კი) შემცირების მიზნით, აუცილებელია მყისიერი მოქმედებების განხორციელება, რათა არ ჩამოიშალოს ან მინიმუმამდე შემცირდეს სურსათის მომარაგების ჯაჭვის რღვევა. გლობალურ დონეზე აუცილებელია კოორდინირებული და თანმიმდევრული რეაგირება, რათა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კრიზისმა არ გამოიწვიოს სურსათის კრიზისი, როცა ადამიანები ვერ იშოვიან ან არ ექნებათ საკვების შეძენის ფინანსური საშუალება. ამ დროისათვის, COVID-19-ს სურსათის უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია, მიუხედავად სუპერმარკეტებში შექმნილი კურიოზული სიტუაციებისა, როცა ხალხმა ლამის ალყაში მოაქცია მაღაზიები. მიუხედავად იმისა, რომ პანიკის საფუძველი არ გვაქვს, რადგან მსოფლიოში არსებობს სურსათის საკმარისი მარაგი, რომ ყველა გამოიკვებოს, ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ გამოწვევას: უზარმაზარი რისკი არსებობს იმისა, რომ სურსათი შეიძლება ვერ გახდეს ხელმისაწვდომი იქ, სადაც ამის საჭიროება იქნება. COVID-19-ის აფეთქებამ, მთელი თანმდევი საგანგებო სიტუაციებითა და კარანტინებით, შექმნა ლოჯისტიკური პრობლემები, რომელიც რიკოშეტივით გადაეცემა თანამედროვე გლობალური ეკონომიკის ღირებულებათა გრძელ ჯაჭვს. გადაადგილების შეზღუდვამ, ასევე, მუშახელის აპათიურმა ქმედებებმა შეიძლება ფერმერებს ხელი შეუშალოს ფერმერულ საქმიანობაში, ხოლო სურსათის გადამამუშავებელ საწარმოებს (რომლებიც სოფლის მეურნეობის პროდუქციის დიდ ნაწილს იყენებენ) სურსათის გადამუშავებაში. სასუქების, ვეტერინარული მედიკამენტების და სხვა საშუალებების დეფიციტი გავლენას მოახდენს სასოფლო-სამეურნეო წარმოებაზე. რესტორნების დახურვა და საკვების შესაძენად შემცირებული გასვლები შეამცირებს მოთხოვნას ახალ პროდუქტზე, გავლენას მოახდენს მწარმოებლებზე და მომმარაგებლებზე, განსაკუთრებით მცირე ფერმერებზე და ამას მოჰყვება გრძელვადიანი შედეგები მსოფლიოს მზარდი ურბანული მოსახლეობისათვის მანჰეტენზე თუ მანილაში.

სურსათის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული გაურკვევლობის ფონზე, პოლიტიკის შემქმნელებს შეიძლება მოუწიოთ ვაჭრობის შემზღუდავი ღონისძიებების გატარება, რათა დაიცვან ეროვნული სურსათის უსაფრთხოება. თუ გავითვალისწინებთ 2007-2008 წლების სასურსათო ფასების გლობალურ კრიზისს და მასთან დაკავშირებულ გამოცდილებას, ჩვენ ვიცით, რომ ამგვარმა ზომებმა შეიძლება მხოლოდ გაამწვავოს სიტუაცია. საექსპორტო ქვეყნების მიერ ექსპორტის შეზღუდვა, რათა სურსათის ხელმისაწვდომობა გაზარდონ ეროვნულ დონეზე, გამოიწვევს მსოფლიოს სასურსათო ბაზრის სერიოზულ რღვევას, ფასების კატასტროფულ ზრდას და გაზრდილი ფასების ცვალებადობას.

2007-2008 წლებში, ამგვარი მყისიერი ღონისძიებები უაღრესად დამაზიანებელი აღმოჩნდა, განსაკუთრებით იმ ქვეყნებისათვის, სადაც დაბალი შემოსავლები და სურსათის დეფიციტია და ჰუმანიტარული ორგანიზაციების ძალისხმევისათვის, რომ შეეძინათ სურსათის მარაგი მოწყვლადი და ღარიბი მოსახლეობისათვის. სასურველია ყველამ ვისწავლოთ უახლოესი წარსულის მაგალითზე და აღარ დავუშვათ მეორედ იგივე შეცდომების გამეორება. პოლიტიკის შემქმნელებმა მაქსიმალურად თავიდან უნდა აირიდონ სურსათის მომარაგების პირობების შემთხვევითი შევიწროება. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ქვეყანას თავისი გამოწვევა აქვს, თანამშრომლობა მთავრობებს და დარგებისა და მონაწილე მხარეების სრულ სპექტრს შორის, უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩვენ ვდგევართ გლობალური პრობლემის წინაშე, რომელიც მოითხოვს გლობალურ საპასუხო ქმედებას.

ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ სასურსათო ბაზრები ფუნქციონირებდეს სათანადოდ და რომ ინფორმაცია ფასების, წარმოების, მოხმარებისა და სასურსათო მარაგების შესახებ რეალურ დროში იყოს ხელმისაწვდომი ყველასათვის. ამგვარი მიდგომით შევამცირებთ გაურკვევლობას და მწარმოებლებს, მომხმარებლებს, მოვაჭრეებსა და გადამამუშავებელ საწარმოებს საშუალებას მივცემთ მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები და შეაჩერონ თვითნებური პანიკური ქმედებები გლობალურ სასურსათო ბაზრებზე.

რა გავლენას მოახდეს COVID-19-ის პანდემია განსაკუთრებით ღარიბი სახელმწიფოების მოსახლეობის ჯანმრთლეობაზე ჯერ კიდევ უცნობია. თუმცა, ერთი რამ შეგვიძლია გარკვევით ვთქვათ, ნებისმიერი შემდგომი სასურსათო კრიზისი, რომელიც მცდარი პოლიტიკის შექმნის შედეგად გაჩნდება, იქნება ჰუმანიტარული უბედურება, რომლის თავიდან აცილება შეგვიძლია. მსოფლიოს მასშტაბით უკვე გვყავს 113 მილიონი ადამიანი, რომელიც მწვავე შიმშილს განიცდის. აფრიკის კონტინენტზე, საჰარიდან სამხრეთით მცხოვრები მოსახლეობის მეოთხედი არასრულფასოვნად იკვებება. სურსათის მიწოდების ჯაჭვის ნებისმიერი წყვეტა კიდევ უფრო გაამძაფრებს ამ ადამიანების ტანჯვას და მსოფლიოში შიმშილის აღმოფხვრის გამოწვევას. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს არ დავუშვათ. პრევენციას უფრო ნაკლები ფასი აქვს. გლობალურ ბაზრებს კრიტიკული როლი აკისრიათ მიწოდება-მოთხოვნის შოკის შერბილების კუთხით ქვეყნებსა და რეგიონებში და ჩვენ ერთად უნდა ვიშრომოთ, რათა სურსათის მომარაგების ჯაჭვის წყვეტა მინიმუმამდე დავიყვანოთ. COVID-19 იძულებით გვახსენებს, რომ სოლიდარობა არ არის ქველმოქმედება, არამედ საღი აზრი”, - ნათქვამია წერილში.