გიორგი აბაშიშვილი: საქართველო ინვესტორებისთვის ღიაა

საქართველო ღიაა ინვესტორებისთვის და ყველა მაღალი დონის შეხვედრაზე პრეზიდენტი ამის შესახებ ყოველთვის საუბრობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა გიორგი მარგველაშვილისა და ამერიკის სავაჭრო პალატის წევრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

"შეხვედრაზე პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებზე, იმ ახალ რეალობაზე, რომელიც ქვეყანას აქვს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ამოქმედების შემდეგ. ასევე, პრეზიდენტმა ისაუბრა ქვეყნის შიგნით არსებულ მიმდინარე ეკონომიკურ სიტუაციაზე, ეკონომიკურ ტენდენციაზე, საქართველოს უპირატესობებზე. პრეზიდენტი ასევე შეეხო იმ მნიშვნელოვან რეგიონულ პროექტებს, რომელიც ერთი მხრივ, უზრუნველყოფს საქართველოს მნიშვნელობის ზრდას, მეორე მხრივ, უზრუნველყოფს მთლიანობაში უფრო მჭიდრო კომუნიკაციას და მეტ ინტეგრაციას საქართველოსი მის მეზობელ ქვეყნებთან. ამავე დროს საკითხი შეეხებოდა საქართველოს მიმზიდველობას, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური სავაჭრო რეჟიმის მქონე ქვეყნის ინვესტორებისთვის", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

პრეზიდენტის შეხვედრა ბიზნესმენებთან ამერიკის სავაჭრო პალატის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრას ამერიკის ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდი, ასევე ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.