სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები აგრარული ბაზრების მონიტორინგს ახორციელებენ. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, შემოწმება ყველა რეგიონისა და დედაქალაქის ბაზრებში ყოველდღიურად მიმდინარეობს. უწყების ცნობით, სააგენტოს სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და აქტიური კონტროლის შედეგად, დღეის მდგომარეობით, აგრარულ ბაზრებში ვითარება მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული, მათ შორის, რეგიონებში.
„სურსათის ეროვნული სააგენტო კოორდინირებულად მუშაობს ადგილობრივ თვითმმართველობებთან და სამართალდამცავ ორგანოებთან. მონიტორინგის პარალელურად, სააგენტოს სპეციალისტები ბაზრების ადმინისტრაციას ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით დადგენილ რეკომენდაციებს აცნობენ. ამასთან, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში მოწმდება სურსათის შენახვის, განთავსებისა და რეალიზაციის პირობები, ტემპერატურული რეჟიმი და სურსათის ეტიკეტირება. სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, მაქსიმალურად დაიცვან რეკომენდაციები და კანონმდებლობით გათვალისწინებული სურსათის უვნებლობის მოთხოვნები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.