დავით ონოფრიშვილის ვარაუდით, პენსია დაახლოებით 5-10 ლარის ფარგლებში გაიზრდება

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, დავით ონოფრიშვილის ვარაუდით, პენსია 2015 წლისთვის დაახლოებით 5-10 ლარის ფარგლებში გაიზრდება.

დეპუტატის განცხადებით, პენსიის ამ ოდენობით ზრდა პარლამენტისთვის მისაღები იქნება და სათანადო რესურსი ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტში უნდა აისახოს. ამასთან, დეპუტატის შეფასებით, წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო ბიუჯეტია, როგორც საშემოსავლო, ასევე ხარჯვით ნაწილში. ის დაბალანსებული და რეალისტურია.

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა დღეს პარლამენტში დაადასტურა, რომ მიმდინარეობს მუშაობა 2015 და 2016 წლებში პენსიის ზრდის საკითხზე. ის, თუ რა ნაბიჯები გადაიდგმება მომავალი წლისათვის პენსიის ზრდის მიმართულებით, მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილ პროექტში ციფრობრივად ასახული არ არის, თუმცა მინისტრის თქმით, პროექტის საბოლოო ვარიანტში კონკრეტული მაჩვენებლები ჩაიწერება.

2015 წლის საბიუჯეტო პროექტით გამოკვეთილია ოთხი ძირითადი პრიორიტეტი – ჯანდაცვის ხარჯების ზრდა, ასევე დაგეგმილია ზრდა სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის და განათლების მიმართულებით.