საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს კოვიდ-19-ის პანდემიითა და ნავთობზე შემცირებული ფასებით გამოწვეულ საგრძნობ შენელებას განიცდის.
ეკონომიკურ გაჯანსაღებას საქართველო 2021 წელს გაზრდილი შიდა მოთხოვნითა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით, ასევე საზღვარგარეთიდან აღდგენილი გადმორიცხვებით შეძლებს, ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის (ADB) ანგარიშში.
აზიის განვითარების ბანკის პროგნოზი 2020 -ის ვარაუდით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდა 2020 წელს 0%-მდე დაეცემა კოვიდ-19-ის პანდემიისა და ნავთობზე ფასების ვარდნის, შემცირებული მოხმარების, ტურიზმისა და ვაჭრობის პასუხად. თუმცა, საქართველოს ეკონომიკის ჩვეულ დინამიკაში დაბრუნება 2021 წელს 4.5%-იანი ზრდითაა მოსალოდნელი.
“საქართველომ, როგორც წამყვანმა რეფორმატორმა, უკვე გაატარა ზომები პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური შოკის შესასუსტებლად, რაც სხვა ნაბიჯებთან ერთად, მოიცავს ტურიზმის სექტორში ქონებისა და საშემოსავლო გადასახადების შეჩერებას, საბანკო-სასესხო რეგულაციების შემსუბუქებას და ინფრასტრუქტურაში გაზრდილ ხარჯვას,“ - განაცხადა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში შეინ როზენტალმა.
მისივე შეფასებით, „ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ გაჯანსაღებას ხელს შეუწყობს კერძო სექტორის განვითარების მეტი მხარდაჭერა და ინვესტირება თანამედროვე ტექნოლოგიებში, მეცნიერებასა და ციფრულ განათლებაში“.
„ვაჭრობაში სარგებლიანობისა და მთავრობის მიერ უმაღლეს განათლებაში გაზრდილი ხარჯვის შედეგად 2020 წელს სერვისები 1.1%-ით, ხოლო 2021 წელს ტურიზმის გამოცოცხლებასთან ერთად 6.3%-მდე გაიზრდება. ამავდროულად, 2020 წელს ნავარაუდევია მრეწველობის 3.1%-იან ნიშნულზე შეჩერება, მშენებლობისა და წარმოების ტემპის კლების ფონზე, თუმცა 2021 წელს 2.1%-ით ზრდაა ნავარაუდევი მაღალი შედეგებით სამთო-მოპოვებით სექტორში.
ადმინისტრირებული ფასების დადგენამ სურსათზე, 2020 წელს ინფლაციის 4,5%-მდე, 2021 წელს კი 3,0%-მდე შემცირებას უნდა შეუწყოს ხელი, რაც ცენტრალური ბანკის სამიზნე მაჩვენებელს წარმოადგენს.
საქართველოს საგარეო პერსპექტივები მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული მის სავაჭრო პარტნიორებთან განვითარებულ მოვლენებზე. მიმდინარე ანგარიშების დეფიციტი 2020 წელს კიდევ უფრო შემცირდება და მშპ-ის 4.4.%-ს შეადგენს, ხოლო 2021 წელს 4.2%-ს, რადგან იმპორტის უწყვეტი კლება და ნავთობზე ფასების ვარდნა სავაჭრო დეფიციტის შემცირებას გამოიწვევს.
ექსპორტის ზრდა 2020 წელს 3.6%, ხოლო 2021 წელს 11.9%-ითაა ნავარაუდევი, ხოლო მოკრძალებული შიდა ექსპანსია და შედარებით მაღალი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია იმპორტს 2020 წელს 1.1%-ით, ხოლო 2021 წელს 7.0%-ით გაზრდის.
ეკონომიკური ზრდის რისკებს წარმოადგენს სავაჭრო პარტნიორების ეკონომიკების მოსალოდნელზე მეტად შენელება, სუსტი შიდა მოთხოვნა, ტურიზმის სფეროს ზრდის შეფერხება და გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე გამკაცრებული ლიკვიდურობა, რაც ნაწილობრივ კოვიდ-19-ის გავლენის შედეგია,“- აღნიშნულია ანგარიშში.
ADB-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს ბიზნესის განვითარებაში ტექნოლოგიური ინოვაციების წახალისება სჭირდება. ქვეყანამ ინოვაციური ციფრული სერვისების განვითარებაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, თუმცა მთავრობას შეუძლია მეტად სანდო და ეფექტიანი გახადოს ელექტრონული კომერცია შესაბამისი საკანონმდებლო და მარეგულირებელი რეფორმების გატარებითა და გადასახადებისა და მოსაკრებლების მეტად ქმედითი მექანიზმების შემუშავებით.
„მთავრობამ ასევე უნდა განაგრძოს განათლების რეფორმა და გააუმჯობესოს ციფრული ტექნოლოგიების სწავლება, განსაკუთრებით სოფლად, ეკონომიკის განვითარებაში მეტი ჩართულობის გასაძლიერებლად.
ADB საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან და ის ქვეყნის განვითარების ხელშეწყობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მრავალმხრივი პარტნიორია. საქართველოსთვის გაცემული სუვერენული და არასუვერენული სესხების ჯამური ოდენობა 3.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. საქართველოში ADB-ის განვითარების პრიორიტეტებია მრავალმხრივი და მდგრადი ეკონომიკური ზრდა, სიღარიბის შემცირება, რეგიონული კავშირებისა და საჯარო სერვისების გაუმჯობესება.
ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი,“-ვკითხულობთ ანგარიშში.