გერმანიის ხელისუფლება ავიაკომპანია Lufthansa-სთან ერთმილიარდიან დახმარებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. Reuters-ის ინფორმაციით, მოლაპარაკება მიმდინარეობს ასევე აქციების შეძენაზე. როგორც ცნობილია, კორონავირუსის ეპიდემიის გამო Lufthansa-მ ფლოტის 95% გააჩერა.
წყაროს ინფორმაციით, ხელისუფლება და ავიაკომპანიის ხელმძღვანელობა მსჯელობენ როგორც კრედიტის გაცემაზე, ასევე სახელმწიფოს მხრიდან სააქციო კაპიტალში სავარაუდო ინვესტიციების განხორციელებაზე.
”ჩვენ მჭიდრო კონტაქტი გვაქვს ფედერალურ მთავრობასთან ჩვენი ლიკვიდობის უზრუნველსაყოფად”, - თქვა Lufthansa-ს სპიკერმა, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.
ამასთან, გამოცემის ინფორმაციით, Lufthansa მუშაობს ბანკებთან, მათ შორის Deutsche Bank-თან, მოლაპარაკებებს აწარმოებს გერმანიის მთავრობასა და სახელმწიფო ბანკ KfW– სთან. მოსალოდნელი იყო, რომ ამ მოლაპარაკებებში წამყვან როლს ითამაშებდა Goldman Sachs-ი, მაგრამ ჯერ უცნობია, ჰქონდა თუ არა ამის უფლება ამერიკულ ბანკს.
აღნიშნულ საკითხზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ არც გერმანიის ეკონომიკის სამინისტროში და არც KfW-ში. დეტალებზე საუბარი არ სურთ არც Deutsche Bank-სა და Goldman Sachs-ში.
გასულ კვირას Lufthansa– მ განაცხადა, რომ მას მთავრობისთვის დახმარებაზე ჯერ არ მიუმართავს. თუმცა დაადასტურა, რომ აწარმოებს მოლაპარაკებას კრედიტორებთან და ხელისუფლებასთან, თუ რა დახმარების გაწევა იქნება შესაძლებელი საჭიროების შემთხვევაში.