„მაისის ბოლომდე ფასები არ შეიცვლება, მერე უკვე დამოკიდებული ვიქნებით ლარის კურსსა და ნედლეულის ფასზე“ - „კულას“ დირექტორი პროდუქტის გაძვირებაზე

„მაისის ბოლომდე ფასები არ შეიცვლება, მერე უკვე დამოკიდებული ვიქნებით ლარის კურსსა და ნედლეულის ფასზე“,- ამის შესახებ „კულას“ დამფუძნებელმა ვანო გოგლიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ნედლეულის ნაწილი კომპანიას იმპორტით შემოაქვს, ლარის გაუფასურება კი წარმოებას აძვირებს.

თუმცა, ვანო გოგლიძე იმედოვნებს, რომ მაისში ვითარება დასტაბილურდება და კომპანია წამოებას, შემდეგ უკვე რეალიზაციას, ამჟამად არსებული საფასო პოლიტიკით გაგრძელებს.

„ჩვენს წარმოებაზე ძალიან დიდი გავლენა იქონია ლარის გაუფასურებამ და ამასთან, არასტაბილურობამ. იქიდან გამომდინარე, რომ ნედლეულის გარკვეული ნაწილი ჩვენ მაინც იმპორტით შემოგვაქვს, შესაბამისად, ვყიდულობთ დოლარში და ევროში, კონკრეტულად ეს პროდუქტები გაგვიძვირა. თუმცა, ამ ეტაპზე გამოვნახეთ შიდა რესურსი, რომ ფასები შეგვენარჩუნებინა. ჩვენი გამოთვლებით, მაისის ბოლომდე ფასები არ შეიცვლება. დარჩება იგივე, რაც იყო იანვარ-თებერვალში.

თუმცა, რა იქნება მაისის მერე - დამოკიდებული ვართ ახალ ნედლეულზე, რომელიც წამოვა მაისში. ეს არის ჯონჯოლი, ბალი, ატამი, ალუბალი და ა.შ. ფასებბი დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი იქნება პროდუქტის შესასყიდი ღირებულება და ამასთან, ლარის კურსი რა ნიშნულზე იქნება“,- ამბობს ვანო გოგლიძე.

ნინი ქეთელაური