Hewlett-Packard ორ ნაწილად იყოფა

კომპიუტერული ტექნიკის მწარმოებელი ცნობილი ამერიკული კორპორაცია Hewlett-Packard ორ ნაწილად იყოფა, რომლიდანაც ერთი კორპორაცია კომპიუტერების და პრინტერების წარმოებას ჩაუდგება სათავეში, ხოლო მეორე - კორპორატიული ხელსაწყოების და მომსახურების სფეროს.

დაყოფა რესტრუქტურიზაციის ხუთწლიანი გეგმის ნაწილია, რომლის გამოც Hewlett-Packard-დან ათასზე მეტი თანამშრომელი იყო გათავისუფლებული.

კორპორატიული ხელსაწყოების მწარმოებელ კომპანიას დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი მეგ უიტმანი ჩაუდგება სათავეში და ფირმის ახალი სახელწოდება Hewlett Packard Enterprise იქნება. უიტმანი ასევე დარჩება დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე კომპიუტერებისა და პრინტერების მწარმოებელ ფირმაშიც.

ექსპერტების თქმით, ჯერ კიდევ გაურკვეველია, როგორ აისახება ეს ყველაფერი Hewlett-Packard-ის კონკურენტუნარიანობაზე და გახდება თუ არა ეს ორი ფირმა ერთმანეთის კონკურენტი.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესის გაყოფის მეთოდს ამჟამად მრავალი მსხვილი კომპანია იყენებს. ასე მაგალითად, გასულ კვირაში ინტერნეტ-აუქციონმა eBay-მ განაცხადა საგადასახადო სისტემა PayPal-ის საკუთარი სტრუქტურიდან გასვლის თაობაზე, ამიერიდან, იგი დამოუკიდებელ კომპანიად განაგრძობს არსებობას.

ბილ ჰიულეტის და დეივ პაკარდის მიერ შექმნილ კორპორაცია Hewlett-Packard-ს მთელ მსოფლიოში 300 ათასზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. იგი პერსონალური კომპიუტერების ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ მწარმოებლად ითვლება.