მთავრობამ „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმაში ცვლილებები შეიტანა.
კერძოდ, ცვლილება ეხება უცხო ქვეყნის სატვირთო მანქანების საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების პირობებს. დადგენილების მიხედვით, უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული, კორონავირუსის გავრცელების რისკის მქონე სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების (მის ეკიპაჟთან ერთად) საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილება უნდა მოხდეს შემდეგი პირობების დაცვით:
- საბაჟო გამშვებ პუნქტზე სავალდებულო პროცედურების დასრულების შემდეგ ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმების ეკონომიკურ ზონამდე, საბაჟო საწყობამდე ან საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებულ ადგილამდე და დასახელებული საბაჟო კონტროლის ზონებიდან საბაჟო გამშვებ პუნქტამდე, ხოლო ტრანზიტულად გადაადგილების შემთხვევაში, ერთი საბაჟო გამშვები პუნქტიდან მეორე საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მოძრაობა უნდა განხორციელდეს გაუჩერებლად,
- ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალურად მოწყობილ ტერიტორიებზე (STOP POINT), საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პოლისის შესაძენ პუნქტებსა და საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის საბაჟო გამშვებ პუნქტთან განთავსებულ M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსადგომებზე;
- სპეციალურად მოწყობილ ტერიტორიაზე (STOP POINT) მძღოლს აქვს საშუალება, შეავსოს საწვავის მარაგი და შეიძინოს გზათსარგებლობის საფასურის ბარათი. გარდა ზემოაღნიშნული მომსახურებისა, მძღოლს უფლება აქვს, მოიწესრიგოს თავი, შეიძინოს პირადი მოხმარებისთვის საჭირო ნივთები და სურსათი. STOP POINT-ზე ანგარიშსწორების განხორციელება სასურველია, მოხდეს უნაღდო ანგარიშსწორებით, ელექტრონულად, საბანკო ბარათის საშუალებით, ან სპეციალური გადახდის ტერმინალის საშუალებით. აღნიშნული ზონა განკუთვნილია მხოლოდ ზემოხსენებული მიზნებისათვის და სხვა მომხმარებელს არ აქვს მასში შესვლის უფლება;
- მოძრაობის დროს შექმნილი სირთულეების შემთხვევაში (ავტომობილის გაუმართაობა, ჯანმრთელობის გაუარესება და სხვა), მძღოლი ვალდებულია, დაუკავშირდეს შესაბამის სამსახურებს და ვალდებულია, დარჩეს ავტომობილის კაბინაში შესაბამისი სამსახურების მოსვლამდე;
ავტოსატრანსპორტო საშუალებამ საქართველოს ტერიტორია უნდა დატოვოს:
- საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად გადაადგილებისას (გარდა საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგიდან“ ან „ყაზბეგის“ მიმართულებით გადაადგილებისას) – ქვეყანაში შემოსვლიდან 24 საათის განმავლობაში;
- საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგიდან“ ან „ყაზბეგის“ მიმართულებით ტრანზიტულად გადაადგილებისას – ქვეყანაში შემოსვლიდან 48 საათის განმავლობაში;
- სხვა შემთხვევებში – ქვეყანაში შემოსვლიდან 48 საათის განმავლობაში.